TAV Georgia-ს გათვლები | ინტერვიუ თეა ზაქარაძესთან

TAV Georgia-ს გათვლები | ინტერვიუ თეა ზაქარაძესთან

კომპანია TAV Georgia, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა, დღეს ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან აეროპორტს – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და 1380 თანამშრომელს აერთიანებს. TAV Airports-ის ჰოლდინგში შემავალ კომპანიას საქართველოში, მმართველობითი ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მგზავრთა ნაკადი 86%-ით შეუმცირდა. 2021-ში აღდგენის ნიშნები უკვე მკაფიოა, თუმცა გამოწვევები დიდია. ცოტა ხნის წინ TAV Georgia-ს გენერალურ მენეჯერად პირველად ამ კომპანიის ისტორიაში ქართველი თეა ზაქარაძე დაინიშნა. როგორია ახალი გენმენეჯერის გათვლები? Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქალბატონო თეა, თქვენ გასულ თვეს დაიკავეთ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის პოზიცია, თუმცა ამ კომპანიაში მუშაობის უკვე 16-წლიანი გამოცდილება გაქვთ. რა იქნება თქვენი პრიორიტეტები, სად ხედავთ გამოწვევებს?

ეს პოზიცია ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ამ კომპანიის პირველი ქართველი გენერალური მენეჯერი გავხდი და თან ქალი, რაც ავიაციაში არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა. მაგალითად, ჩვენს კომპანიაშიც დასაქმებულთა 76% მამაკაცია. გარდა ამისა, ძალიან საპასუხისმგებლოა ისიც, რომ ქვეყანაში ორი მთავარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროპორტის მართვა მიწევს.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, მოგეხსენებათ, პანდემიის წლის შემდგომ პერიოდს გავდივართ, შესაბამისად, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, რაც მგზავრს მისცემს შესაძლებლობას, თავი დაცულად იგრძნოს. ამისთვის პრიორიტეტულია, აეროპორტებში  ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გვქონდეს უზრუნველყოფილი. ჩვენი კომპანია მსოფლიოს 26 ქვეყნის 91 აეროპორტში სხვადასხვა სერვისითაა წარმოდგენილი და ყველა აეროპორტში ამ ნაწილს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. მნიშვნელოვანია, არ შემცირდეს მომსახურების ხარისხი. ასევე პრიორიტეტულია ისიც, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა იმ ავიაკომპანიების საჭიროებებს მოერგოს, რომლებიც ახლა შემოდიან ამ ბაზარზე და არ იცნობენ საქართველოს,  რათა მათ ამ ბაზრის დატოვება არ მოუნდეთ.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში პანდემიისას მგზავრთნაკადი 2020-ში დაახლოებით 15 წლის წინანდელ ნიშნულზე იყო. რა შედეგებით დახურეთ 2021-ის პირველი ნახევარი?

2021 წლის პირველ ექვს თვეში, 2019 წელთან შედარებით, თბილისში მგზავრების 27% დავიბრუნეთ. ეს ჯერ კიდევ ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვხედავთ, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული ფორსმაჟორული სიტუაცია კვლავ გრძელდება. რაც შეეხება კონკრეტულად ერთი თვის, მაგალითად,  2021 წლის ივლისის მაჩვენებელს, 2019 წლის ანალოგიურ თვეს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ თბილისში მგზავრების 59% დავიბრუნეთ.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 2021 წლის ექვსთვიან ჭრილში მგზავრების 59%-ის დაბრუნება შევძელით, ხოლო მიმდინარე წლის ივლისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრები 100%-ით დავიბრუნეთ. ბათუმი სეზონური აეროპორტია, შესაბამისად, ეს რიცხვი გვაძლევს იმის იმედს, რომ წლევანდელ წელს 50-60%-იანი აღდგენის მაჩვენებლებით დავხურავთ. ხოლო თბილისის აეროპორტში 2019 წლის 40%-ს თუ დავიბრუნებთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება.

მოგეხსენებათ, პანდემიამ სერიოზულად დაგვაზარალა. კრიზისმა, ისევე როგორც გლობალურ ავიაციას, ჩვენს კომპანიასაც დიდი ზიანი მიაყენა. პანდემიის დროს ბათუმის აეროპორტი საერთოდ დაკეტილი იყო, თბილისის აეროპორტში გარკვეული რეისები, მათ შორის სარეპატრიაციო და სატვირთო რეისები მაინც სრულდებოდა ხოლმე. თუმცა დღის განმავლობაში მხოლოდ 5-7 რეისი გვქონდა.  შესაბამისად, ზარალი ძალიან დიდია. გამომდინარე აქედან, სახელმწიფოსთან TAV Georgia-სთვის ფორსმაჟორული სიტუაციის აღიარებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რადგან პანდემიის პერიოდი ჩვენთვის ფაქტობრივად დაკარგული იყო.  ეს ჩვენი ხელშეკრულებითაც გათვალისწინებულია.

ზოგადად ვიცით, რომ საავიაციო და აეროპორტების ბიზნესი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს იქნება კონფლიქტები რეგიონში, პანდემიები თუ სხვა. შესაბამისად, მგზავრთა ნაკადის რიცხვები ხან იზრდება, ხან მცირდება. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 40%-იანი მატება გვქონდა. შემდეგ, 2019 წელს, ივნისის მოვლენების შედეგად რუსეთი გავიდა ბაზრიდან და საერთო ტრაფიკმა 25%-ით დაიკლო. 2020 წელი კი ვიცით, რომ ავიაციის ისტორიიდან საერთოდ ამოსაღებია. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი ვართ.

რამდენად რთული იყო პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე ახალ რეალობაზე მორგება აეროპორტებში? ინფრასტრუქტურა, წესები…

რთული არ იყო. ვფიქრობ, ჩვენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში კრიზისის მართვა საკმაოდ წარმატებით მოვახერხეთ. ძალიან მცირე დროში შესაბამისი აეროპორტების ინფრასტრუქტურის მომზადება შევძელით. გარდა ამისა, კომერციული დაინტერესების გარეშე, ლუგარის ლაბორატორიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და როგორც მოფრენის, ასევე გაფრენის ზონაში ლაბორატორიას უსასყიდლოდ გადავეცით სპეციალური სივრცეები, სადაც მგზავრები კოვიდტესტებს იტარებენ. ასევე, პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, მოგვიწია სპეციალური პერსონალის გამოყოფა, შეიქმნა სპეციალური სამსახურიც, რომელიც პანდემიის შედეგად წარმოქმნილ საჭირო სერვისებს უზრუნველყოფს. ვფიქრობ, საერთო ჯამში, TAV Georgia-მ ძალიან მაღალ დონეზე შეძლო ყველა საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისის უზრუნველყოფა. ჩვენთვის მგზავრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო პერიოდში არაერთი ავიაკომპანია დაბრუნდა/შემოვიდა საქართველოს ბაზარზე. მიმდინარეობს თუ არა მათთან მოლაპარაკებები და უნდა ველოდოთ თუ არა დამატებით სხვა ავიაკომპანიებს?

ძალიან ცვალებადია მათი რაოდენობა. თითქმის ყოველდღიურად ახალი ავიაკომპანია შემოდის და იწყებს რეისებს, თუმცა ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება. მაგალითად, მარტის ბოლოდან საკმაოდ დიდი დატვირთვით ოპერირებდნენ ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანამ საქართველო „წითელ ზონაში“ შეიყვანა, შეჩერდა ფრენები. შეიძლება ერთი ავიაკომპანია ერთი თვის განმავლობაში კარგად მუშაობდეს და შემდეგ ვეღარ და ეს პანდემიიდან გამომდინარეობს. ამ ეტაპზე ახალი ავიაკომპანიებიც გვემატება. მნიშვნელოვანია ბათუმში ერთ-ერთი ბოლო  ავიამიმართულება – ბიშკეკი. ამ დრომდე არ ყოფილა ეს მიმართულება. ასევე თბილისში Eurowings-მა დაიწყო დიუსელდორფის მიმართულებით ფრენა. ყველა ავიაკომპანიას, ვისაც დააინტერესებს ჩვენი ბაზარი, თუნდაც ჩარტერული რეისისთვის, ჩვენ მაქსიმალურ პირობებს ვუქმნით, რომ შემოვიდნენ. ვთავაზობთ შესაბამის ფასებს, სერვისებს. ვხედავთ, რომ პანდემიამ ავიაკომპანიებიც დააზარალა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევთავაზოთ.

რომელი რეგიონები ან ავიაკომპანიებია TAV Georgia-სთვის პრიორიტეტული ამ ბაზარზე?

ყველა ავიაკომპანია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ საფრანგეთიდან. ბაზარზე ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნების ავიაკომპანიები დომინირებენ, ძალიან დიდი მოთხოვნაა მათგან, ევროპული მიმართულებები ახლა შედარებით ნაკლებია. თბილისში ევროპული მიმართულებები გვჭირდება და ამაზე ვმუშაობთ. ბათუმში კი დომინირებს ისრაელი, უკრაინა და ბელარუსი. ყველაზე მეტი ტურისტი ბათუმის აეროპორტში სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოდის.

რამდენი რეისი სრულდება თბილისის აეროპორტში დღის განმავლობაში?

2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვა 100-120 რეისი იყო. წელს კი ივლისის თვეში 45-50 რეისი სრულდება.

$17-მილიონიანი ინვესტიციით წელს ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტი დასრულდა. როგორც დაგეგმილია, განახლებული აეროპორტი 1 მილიონ 200 000 მგზავრს უნდა მოემსახუროს. რა ტენდენციაა მგზავრთნაკადის კუთხით ამჟამად?

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სანამ მის რეაბილიტაციას დავიწყებდით, ფაქტობრივად გაჩერებული იყო. რეისები არ სრულდებოდა. როცა ოპერირება იქ დავიწყეთ, აეროპორტი წელიწადში მხოლოდ 30 000 მგზავრს ემსახურებოდა. 2019 წელს ჩვენ ეს მაჩვენებელი 600 000-მდე გავზარდეთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კომპანიამ დროული ინვესტიცია განახორციელა მის გაფართოებაში. ჩვენ რომ პანდემიის პერიოდში იქ თანხები არ ჩაგვედო, ახლა დიდი პრობლემის წინაშე ვიქნებოდით, იმიტომ რომ უკვე ბევრი რეისია. ძალიან მიხარია, რომ ზაფხულის სეზონს ბათუმში მომზადებულები დავხვდით. ახლა იქ დღეში საშუალოდ 20-25 რეისი სრულდება.

რამდენიმე თვის წინ  TAV Airports-ის ჰოლდინგის გენდირექტორმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის დამატებითი ინვესტიციისთვის, მაგალითად, თბილისის აეროპორტში დამატებითი ასაფრენი ზოლის მოწყობასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს თუ არა ამაზე საუბარი?

პანდემიიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, რომ ხვალ ინვესტიციას განვახორციელებთ, არ იქნება სწორი. თუმცა ვფიქრობ, კომპანიის მზაობა, რომ განავითაროს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, ნათელია. TAV Georgia-მ თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 2016 წელს სრულად განაახლა. 2017 წელს თბილისში ახალი მოფრენის ტერმინალიც გავხსენით, ხოლო პანდემიის პერიოდში ბათუმის დამატებითი ტერმინალი გაიხსნა, რის შედეგადაც  სივრცე ორჯერ გაიზარდა. ასევე,  წელს 2,5 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციით ახალ სამიმოსვლო ბილიკს ვაკეთებთ, რაც ძალიან კომფორტული იქნება იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც აქ ოპერირებენ. ახლაც მზად ვართ დამატებითი ინვესტიციებისთვის. თუმცა  უპირველესი პრიორიტეტი არის ის, რომ პანდემიით გამოწვეული ფაქტორები აღმოვფხვრათ, დავიბრუნოთ მგზავრი, დავუბრუნდეთ 2019 წლის მაჩვენებლებს, ამის შემდეგ კი, თუ იმის საჭიროება იქნება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ასაფრენი ზოლი გაკეთდეს, ეს გაკეთდება. ამას გარდა,  ჩვენ გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების სამეტაპიანი გეგმა. სახელმწიფოსთან ამ გეგმაზე მოლაპარაკებებს მაშინვე დავიწყებთ, როგორც კი პანდემია დასრულდება და ამის რეალური საჭიროებაც დადგება დღის წესრიგში. სამომავლო გეგმებში TAV Georgia-ს  საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანად ყოფნა და დამატებითი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, შედის.

თქვენ ახსენეთ აეროპორტის განვითარების სამეტაპიანი გეგმა. რას მოიცავს ის?

იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს იმ შემთხვევაში დასჭირდება, თუ მგზავრთა რაოდენობა წლიურად 4 მლნ-ს გადასცდება. ასევე, თუ მგზავრთა რაოდენობა 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდება, უკვე საჭიროება გვექნება, რომ მეორე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, ახალ ტერმინალზე, თვითმფრინავების ახალ სადგომებზე დავიწყოთ მუშაობა. ჩვენს გეგმაშია ასევე CIP (Commercially Important Person), ანუ პრიორიტეტული მგზავრებისთვის ცალკე ტერმინალის (General Aviation Terminal) უზრუნველყოფა. პანდემიიდან გამომდინარე, ახალ-ახალი პროდუქტები გაჩნდა, ყველაზე მეტად იმატა ბიზნესჯეტებით განხორციელებულმა მცირე რეისებმა, ვინაიდან, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, ურჩევნია, რომ იმგზავროს მხოლოდ 5-6 ადამიანთან ერთად. ამიტომაც ასეთი მგზავრებისთვის დამატებითი მომსახურების შეთავაზებასაც ვგეგმავთ. იმედი გვაქვს, რომ 2022 წლიდან უკვე შეგვეძლება, უფრო ვრცლად ვისაუბროთ განვითარების გეგმაზე.

დაბოლოს, თქვენი მოსაზრებით, რამდენად სტაბილური ბაზარია საქართველო TAV-ისთვის?

მოგეხსენებათ, ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ჩვენს ბიზნესზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ჯერ იყო 2008 წლის ომი, შემდეგ 2019 წლის სირთულეები, როდესაც რუსეთი გავიდა ბაზრიდან. მსგავსი მოვლენები ჩვენს რიცხვებს მნიშვნელოვნად ცვლის. თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველო მაინც სტაბილური ბაზარია, ვინაიდან სახელმწიფოსგან ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვს, გვეხმარებიან ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაში და ა.შ. მაგრამ გარემო ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენც ვცდილობთ, რომ სიტუაციას მოვერგოთ. ყოველ წელს ვერ დავასრულებთ ისეთი კარგი რიცხვებით, როგორითაც გვინდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.