საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბმა“ ცენტრალიზებული საწარმო გახსნა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბმა“ ცენტრალიზებული საწარმო გახსნა

საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ავჭალაში 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სრულად მოხმარდა სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და საწარმო დანადგარებს.

ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ ცენტრალიზებული საწარმო პროცესით წარმოების მოცულობასა და პროდუქტების სახეობებს ზრდის, თუმცა ლოკალური წარმოებები ფილიალებშიც რჩება.

ამ დროისთვის ჰიპერმარკეტს ჯამში სამი ფილიალი – თბილისსა და ბათუმში აქვს. „აგროჰაბი“ასევე წარმოდგენილია კაფეებით, რომელიც თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე მდებარეობს.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ცენტრალიზებული წარმოება, 3000 კვ.მ.-ზე აშენებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტით დავიწყეთ, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და ლაბორატორიებით. გარდა არსებული პროდუქტებისა, შესაძლებლობა მოგვეცა, მომხმარებელს დავარგებული ხორცის და თევზის კულინარიის სრულიად ახალი მიმართულებები შევთავაზოთ. ასევე მნიშვნელოვნად იზრდება კონსერვირების, საკონდიტრო და ნახევარფაბრიკატების ასორტიმენტი“, – განაცხადა „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.

„ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ახალი საწარმოს გახსნას, რადგან მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად „აგროჰაბს“ 125 ახალი თანამშრომელი შეუერთდა. კომპანია ჯამში 1 500 ადამიანს ასაქმებს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.

კომპანია „აგროჰაბი“ წლის განმავლობაში კიდევ 2 ახალი ფილიალის გახსნას, ცენტრალიზებული წარმოების სრული დატვირთვით ამუშავებასა და მეურნეობის განვითარებას გეგმავს. S