ფინანსთა ახალი მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა მთავრობის სხდომაზე.
„მინდა წარმოგიდგინოთ ლაშა ხუციშვილი. ბატონი ლაშა დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროშია. ის ძალიან კარგად იცნობს სისტემას… მე მინდა ბატონ ლაშას წარმატებები ვუსურვო ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლაშა ხუციშვილი 2014 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ამავდროულად, 2016 წლიდან ის იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრი. 2013-2014 წლებში ის იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას. ის ESM-ის კურსდამთავრებულია, ამასთან, ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული მენეჯმენტში, პრესტონის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების კურსის ფარგლებში.
ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2021 წლის მარტამდე ივანე მაჭავარიანი იკავებდა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ფეისბუქით გუშინ გაავრცელა.