საქართველოს რკინიგზა ევრობონდების გამოშვებას 2020-2021 წლამდე არ გეგმავს

საქართველოს რკინიგზა ევრობონდების გამოშვებას 2020-2021 წლამდე არ გეგმავს

საქართველოს რკინიგზა ევრობონდების გამოშვებას და კომპანიის სესხის გაზრდას 2020-2021 წლამდე არ გეგმავს. რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზა სესხის გაზრდას აღარ აპირებს და ახალი ბონდების გამოშვება სავარაუდოდ, სესხის დაფარვის პერიოდამდე ერთი-ორი წლით ადრე მოხდება.

“საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ ევრობონდებს საუკეთესო პერიოდი უდგას. ჩვენ რეგიონში მომუშავე სატრანსპორტო კომპანიების ობლიგაციებთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის ბონდების ფინანსური ინდექსი საუკეთესო მაჩვენებელზეა.

ამ ეტაპზე, ჩვენ დამატებით სესხის ზრდას არ ვგეგმვთ, მაგრამ როდესაც დადგება სესხების დაფარვის პერიოდი, ესაა 2022 წელი, საქართველოს რკინიგზა 1 ან 2 წლით ადრე მოახდენს მათ რეფინანსირებას და ახალი ბონდების გამოშვებას. ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზა დამატებით სასესხო ვალდებულების გაზრდას არ გეგმავს“, – ამბობს მამუკა ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის გამოშვებული ევრობონდები პირველად ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2010 წელს განთავსდა.