საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი გაიზარდა. ISET-ის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში, ინდექსმა 29 ერთეული შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 11,5 პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში ყველაზე დადებითად საკუთარი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სექტორმა შეაფასა. ბიზნესის ნდობის ინდექსი მნიშვნელოვნად, 10 პუნქტით შემცირდა სამშენებლო სექტორში და საფინანსო სექტორში (-1,2) . ამასთან, სამშენებლო სექტორში ყველაზე მეტად, 30%-ით შემცირდა პროდუქციის გაყიდვა და მასზე მოთხოვნა.
“ბიზნესის ოპტიმიზმი თითქმის გაორმაგდა და ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსის ისტორიაში თავის მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია. ახლა უფრო მეტი ბიზნესი ფიქრობს, რომ ბრუნვა/გაყიდვები/მოთხოვნა საკუთარ საქმიანობაში გაუმჯობესდება მომდევნო კვარტალში”, – განმარტავენ ISET-ში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი კი მნიშვნელოვნად შემცირდა. სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტლისთვის საკუთარი პროდუქციის გასაყიდი ფასების ყველაზე დიდ ვარდნას პროგნოზირებენ.
ამასთან დიდი ბიზნესები მეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ვიდრე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები.
გამოკითხული ბიზნესმენების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდავ ფაქტორად მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.