საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გუშინ გამართა.
ცნობისთვის, ენდრიუ ჯუველი სავალუტო ფონდს 2010 წელს შეუერთდა. ის ალჟირში უფროსი ეკონომისტის პოზიციას იკავებდა და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სესხების მდგრადობის პრობლემებზე მუშაობდა. ჯუველი ასევე გახლდათ ფონდის ევროპული დეპარტამენტის უმცროსი ეკონომისტი, რა დროსაც ბელგიაში, საფრანგეთში, ლატვიასა და ირლანდიაში მუშაობის გამოცდილება შეიძინა.
საქართველოში გადმოსვლამდე ენდრიუ ჯუველი ბოსნია და ჰერცეგოვინაში IMF-ის წარმომადგენელი იყო. იგი აღნიშნულ პოზიციას 2019 წლის აგვისტოდან 2023 წლის აგვისტომდე იკავებდა.
IMF-ში დასაქმებამდე, ჯუველი 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დეპარტამენტის ეკონომისტიც იყო.