Moda Operandi-მ, რომლის ფუფუნების საგნების ონლაინმაღაზიის დებიუტი ლამის პირდაპირ პოდიუმზე შედგა, ახალ სარფიან პლატფორმას ჩაუყარა საფუძველი… საქორწინო კაბებისთვის.
Moda Operandi-ს ოფისი მანჰეტენის ცენტრში მდებარეობს. ფასადზე თუჯის ზარი ჰკიდია, თავისი ჩამოსაქაჩი თოკით. სხვა მხრივ, ოფისი წკრიალა და თანამედროვეა. როცა კი ძვირფასი მოდის ონლაინმაღაზია $20,000-ზე მეტს ივაჭრებდა, აღმასრულებელი დირექტორი დებორა ნიკოდემუსი ამ ზარს ჩამოჰკრავდა და გაახარებდა თავის თანამშრომლებს Moda-ში, როგორც ამ ხუთი წლის ელ-მოვაჭრეს უწოდებენ.
მაგრამ ბოლო 14 თვის მანძილზე $20,000-ზე მეტის ნავაჭრის – მაგალითად, ესპანური კუტურიეს, Delpozo-ს, მორთულ-მოკაზმული კაბებისა თუ რეკორდის დამამყარებელი $413,000-იანი ლალის ყელსაბამის – პროცენტული მაჩვენებელი ნულიდან სულ ზემოთ და ზემოთ იწევს და უკვე Moda-ს მთლიანი ბიზნესის 10%-ზე მეტს შეადგენს. მოკლედ, ზარს ახლა მანამდე არ ჩამოჰკრავენ, ვიდრე მყიდველი $50,000-ს არ დახარჯავს.
მიუხედავად ამისა, საკმაოდ მალე შეიძლება, ეს მაჩვენებელიც კი ძალიან დაბალი აღმოჩნდეს. 2015 წელს Moda-ს შემოსავლებმა $68 მილიონი შეადგინა, წინა წელს ეს რიცხვი $46 მილიონი იყო. როგორც ნიკოდემუსი FORBES-ს სასხვათაშორისოდ ეუბნება, 2020-ისთვის კომპანია $500 მილიონს მიიღებს. „ამ გზას ვადგავართ, – ამბობს ის. – ვალდებულებებს ვასრულებთ. ეს მხოლოდ დოკუმენტი არაა. და არც მხოლოდ გეგმა“.
ამ გეგმის ნაწილი Moda-ს პირველ საქორწინო კოლექციას უკავშირდება, რომელიც გასულ გაზაფხულს გამოუშვეს მას მერე, რაც გუნდმა აღმოაჩინა, რომ მათი ბესტსელერი კაბებიდან რვა თეთრი ფერისა იყო. საქორწინო კაბები ისეთი პოპულარული ლეიბლებისგან, როგორიცაა Monique Lhuillier და Naeem Khan-ი, თავისუფლად შეიძლება, $10,000 დაჯდეს, მაგრამ დაამატეთ ამას ქუსლიანი ფეხსაცმელი, პატარა ხელჩანთა, სამკაულები და პატარძლის საზეიმო დღისათვის შეკვეთის ღირებულება ცაში ავარდება. Moda ოფლაინ პროცესსაც გთავაზობთ: ორგანიზებას უკეთებს პირად შეხვედრებს თავის ნიუ- იორკისა და ლონდონის შოურუმებში.
Moda Operandi დასაბამს უმაღლესი დონის პირველი სამყაროს პრობლემიდან იღებს. ოცდაათს გადაცილებულ მდიდარ ქალებს, რომლებიც კომპანიის ერთგული კლიენტები არიან, შეეძლოთ, ყოველ მოდის კვირეულზე წინა რიგებში მსხდარიყვნენ, მაგრამ როცა საქმე პოდიუმზე წარმოდგენილი ტანსაცმლის ყიდვაზე მიდგებოდა, ეს ქალბატონები ძვირად ღირებული უნივერმაღების შემსყიდველთა იმედზე რჩებოდნენ.
„Bergdorf Goodman-ი ყოველი კოლექციიდან ათ ჩაცმულობას შემოგთავაზებთ და მათ უფრო კონსერვატიული, ბაზისური ტანსაცმლის სახე ექნებათ“, – ამბობს ლორენ სანტო დომინგო – Moda-ს თანადამფუძნებელი, რომელიც ნიკოდემუსის სტრატეგი იანის ერთგვარი ინია მოდის შიდა სამზარეულოდან. ვიდრე Carolina Herrera-ს მოდის სახლში პიარი გახდებოდა, სანტო დომინგომ Vogue-ში („მოდის სამყაროს Goldman Sachs-ში“, როგორც ის თავად უწოდებს ამ გავლენიან გამოცემას) ბაზრის რედაქტორის კვალიფიკაცია მიიღო. სანტო დომინგოსა და ისლანდიელი ანტრეპრენიორის, Moda-ს თანადამფუძნებლის, აუსლეგ მაგნუსდოტირის ჩანაფიქრის მიხედვით, Moda ერთგვარი ონლაინ საპრეზენტაციო პოდიუმი უნდა ყოფილიყო, ოღონდ მხოლოდ წევრებისთვის – აგრეთვე წევრთათვის განკუთვნილი ისეთი საიტების ძვირფასი ანალოგი, როგორიცაა იმ დროს ელ-ვაჭრობის ინდუსტრიაში გაბატონებული Glit Groupe-ი და Rue La La. ქალებს შეეძლოთ, Moda-სთვის წინასწარ შეეკვეთათ ის, რასაც პოდიუმზე ხედავდნენ, ნაცვლად იმისა, რომ დალოდებოდნენ, რომელ ჩაცმულობას შეარჩევდა პოდიუმიდან უნივერმაღი.
Moda-მ პარტნიორობა დაიწყო დიზაინერებსა და მოდის სახლებთან, რომელთაგან მრავალი არავითარი სახით არ იყო ონლაინ წარმოდგენილი და შვებითაც ამოისუნთქეს, სხვისი წყალობით ამის საშუალება რომ მიეცათ. არანაკლებ მოიხიბლნენ ბიზნესმოდელით ინვესტორები, როგორიც გახლავთ ვენჩურული კაპიტალის ფირმის, New Enterprise Associates-ის ტონი ფლორენსი, რომელიც Moda-ს 2011 წლის Series B-ის ხელმძღვანელობდა და დღემდე კომპანიის უმსხვილეს აქციონერად რჩება.
„სხვა ალტერნატივა არ იყო, – ამბობს ფლორენსი. – Net-A-Porter-ს გარდა, მსგავსი ასეთი ადგილი არ არსებობდა, ისინი კი ისე იზრდებოდნენ, რომ უკვე მასობრივ ბაზრად იქცეოდნენ. ამან დიდი თეთრი სივრცე გააჩინა“.
2013 წლისთვის, როცა მაგნუსდოტირმა სამსახური დატოვა და ის ნიკოდემუსმა ჩაანაცვლა, Moda-ს $78 მილიონზე მეტი ჰქონდა მოზიდული. რაც შეეხება ნიკოდემუსს, ის ბრენდირებისა და ვაჭრობის ექსპერტი გახლდათ და 16 წელი მაღალი კლასის ფრანგულ კონგლომერატში, LVMH-ში გაეტარებინა.
მას მერე, რაც ის Moda-ს შეუერთდა, უფსკრული ამ უკანასკნელსა და მის მეტოქეებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა. ისე მოხდა, რომ ონლაინ ფუფუნების ბაზრის ჯერ კიდევ უმსხვილესი მოთამაშის, Net-A-Porter-ს დამფუძნებელი და მაღალი თანამდებობის პირები სამსახურიდან წავიდნენ, ვიდრე კომპანია იტალიურ ელ-მაღაზიასთან, Yoox-თან გაერთიანდებოდა. ახალგაზრდა მყიდველების მოზიდვის მიზნით, 2013 წელს Net-A-Porter-მ სილამაზის ხაზი ჩაუშვა, 2014-ში კი სპორტული ტანსაცმლისა, რითაც შეკვეთების საშუალო ფასი $760-მდე დაიყვანა.
ეს გასაოცარი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ონლაინკალათის საშუალო ზომა $78-ს შეადგენს. მაგრამ Moda-ს საშუალო მაჩვენებელთან ახლოსაც კი ვერ მივა. ეს მაჩვენებელი $2,000-ს უდრის, ხოლო სხვადასხვა მოდის კვირეულის დროს $7,800-ს ურტყამს. ამ პერიოდში მყიდველები კიდევ უფრო მოწადინებულნი არიან, თავით ფეხამდე შეიმოსონ. „ქალები კონკრეტულად გვეუბნებიან: „მინდა Oscar de la Renta-ს სამოსი ნომერი 13“, – ამბობს სანტო დომინგო. – ამ ციფრებს სხვა არავინ იყენებს“.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ნიკოდემუსის დირექტორობის დროს, Moda-მ ტექნოლოგიაში გააკეთა კაპიტალდაბანდება, რათა საშუალება მისცეს ქალებს, საიტზე დიდი რაოდენობით დრო (და ფული) უფრო მარტივად და შეუფერხებლად ხარჯონ. 2013-ში საიტი არც კი იძებნებოდა. ახლა Moda-ს აპლიკაციაზე მყიდველებს შეუძლიათ, მოდის კვირეულის სასურველი ნივთების სია შექმნან და შეტყობინებები მიიღონ, როცა კი მათი რჩეული სამოსი ხელმისაწვდომი გახდება, ხელმისაწვდომი კი, ჩვეულებრივ, ფეშენ-შოუს დასრულებიდან ერთ საათში ხდება.
გასულ წელს Series E-თი Moda-მ $60 მილიონი მოიზიდა, რითაც თავისი ვენჩურული კაპიტალის ფონდი თითქმის $140 მილიონამდე გაზარდა. მის საერთაშორისო ზრდას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში უფრო სწრაფი ტემპი აქვს აღებული, ვიდრე აშშ-ში. კომპანიის შემოსავლის 30%-ი დღეს საზღვარგარეთულ გაყიდვებზე მოდის, თუმცა ნიკოდემუსს იმედი აქვს, რომ ეს მაჩვენებელი მალე 50% გახდება. გარდა ამისა, აპირებს სადმე, შუა აღმოსავლეთში, გახსნას შოურუმი, რომელიც VIP-კლიენტებისთვის მოსაწვევების პრინციპით იმუშავებს, როგორც ეს ლონდონის Belgravia-ში უკვე ხდება – სამეფო კარის წევრებისა და ოლიგარქების საყვარელ ადგილას.
სწორედ ლონდონში გაყიდა Moda-მ თავისი ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი – ის $413,000-იანი ლალის ყელსაბამი, ზემოთ რომ ვახსენეთ. თუმცა ამ რეკორდმა შეიძლება, დიდხანს ვეღარ გასტანოს: საიტზე მყიდველს ყვითელი და თეთრი ბრილიანტის წყვილი საყურე ელოდება $480,000-ად. ეს უნიკალური სამკაულია, სხვაგან რომ ვერსად ნახავთ. თოკიც ჩამოქაჩვის მოლოდინშია.