სათამაშოების ომები

სათამაშოების ომები

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

ისააკ ლარიანის კაბინეტთან მდებარე პატარა საკონფერენციო დარბაზის მთელი კედელი მის რელიკვიებს უჭირავს. თაროები სავსეა თოჯინებით, რომლებმაც ის მდიდარ ადამიანად აქციეს, პირველი ჰიტით – მოკლეკაბიანი „ბრატცით“ დაწყებული, ყველაზე ახლით – ვარდისფერ- და ნარინჯისფერთმიანი „ლალალუპსი“ თოჯინებით დამთავრებული. თოჯინებს შორის ლარიანს გამოფენილი აქვს სხვადასხვა ღირებულების კუპიურები – მიღებული იმ თანამშრომლების, მეგობრებისა და ბიზნესპარტნიორებისაგან, რომლებიც ნაძლევს უდებდნენ, რომ ესა თუ ის პროდუქტი წარმატებული არ იქნებოდა. ბოლო ნადავლია $100-იანი კუპიურა გამყიდველისგან, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა „ლალალუპსის“ პერსპექტიულობაში. მის „კაპიტულაციის“ წერილში წერია: „მე ვცდებოდი“.

ლარიანს წაგებულის ხმა სასიამოვნო მელოდიასავით ჩაესმის „მე მიყვარს იმის შექმნა, რაც ბავშვებს მოსწონთ და მე მიყვარს მოგება“, – ამბობს 59 წლის ირანული წარმოშობის ამერიკელი მოკლედ შეჭრილი ჭაღარაშეპარული თმით, სევდიანი თვალებითა და მკვეთრი სპარსული აქცენტით. მეტწილად სწორედ ამ ორმა გატაცებამ შექმნა სათამაშოების ბიზნესის ალბათ მართლაც ყველაზე ძლიერი და აგრესიული მოთამაშე.

არ მოტყუვდეთ მისი საკინძიანი ელეგანტური ცისფერი პერანგით, ძველმოდური, ფართო, კოპლებიანი ჰალსტუხითა და ახალი შავი ფეხსაცმლით, რომლის მარჯვენა ცალსაც ლანჩზე კვლავ მიკრული აქვს ფასი. არ შეგიყვანოთ შეცდომაში არც სათამაშო სკუტერით გასეირნებამ, რითაც ის ჩვენს ფოტოგრაფს ართობდა. ლარიანი მზადაა, მტერი დაინახოს ყველაში, ვინც კი გზაზე ხვდება – საძულველი კონკურენტით, Mattel-ით დაწყებული, საკუთარი ძმით, ფრედით, დამთავრებული.

„ჩვენ სხვებზე მეტად გავრისკეთ“, – ამბობს ის, – და შევქმენით სათამაშოები, რომელთა ანალოგიც ბაზარზე არ იყო“.

ლარიანის ვან-ნიუსის კომპანიის, MGA Entertainment-ის გაყიდვებმა შარშან, სავარაუდოდ, $820 მილიონი შეადგინა, რამაც ის სათამაშოების მწარმოებელ უმსხვილეს კერძო კომპანიად აქცია აშშ-ში, ლარიანი კი – საკმაოდ მდიდარ ადამიანად: კომპანიაში მისი 82%-იანი წილი $1,1 მილიარდად ფასდება. ეს კიდევ უფრო შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ Mattel-თან ძვირად ღირებული სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ MGA ძლივს გადარჩა. 10- და 12-ინჩიანი ტიტანების, „ბრატცისა“ და „ბარბის“ ორთაბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. „Mattel-ში თაღლითები მუშაობენ, – ამბობს ლარიანი. – დიახ, შეგიძლიათ ზუსტად ასე დაწეროთ“ (Mattel-ი კომენტარზე უარს ამბობს).

 „ისააკი ნამდვილი ბულდოგია, – ამბობს BMO Capital Markets-ის ანალიტიკოსი გერიკ ჯონსონი, რომელიც ლარიანს უკვე რამდენიმე წელია, თვალს ადევნებს. – მისი მუშაობის სტილია ბრძოლისათვის მუდმივი მზადყოფნა. ეს მას სტიმულს აძლევს“.

შესაძლოა, ეს თვისებები მას ჩამოუყალიბდა ბავშვობაში, რომელიც რევოლუციამდელ თეირანში გაატარა. ის ღარიბ ებრაულ ხუთშვილიან ოჯახში გაიზარდა. მამამ, რომელიც ქსოვილებით ვაჭრობდა, გამოუმუშავა მიდგომა, რომ ძილისა და დასვენებისათვის საუკეთესო დრო სიკვდილის შემდეგ დგება. ამერიკული ოცნების ხიბლით შეგულიანებულმა და დილის სეანსებზე ნანახი ფილმებით მოხიბლულმა („ღმერთო, როგორ მიყვარდა ‘სპარტაკი’!“), 1971 წელს მან იყიდა ერთი მიმართულების ბილეთი ლოს-ანჯელესამდე და იქ ჯიბეში $750-ით ჩავიდა. ის ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა და ოფიციანტად მუშაობდა, რათა ინჟინერ-მშენებლის დიპლომის მისაღებად საჭირო თანხა გამოემუშავებინა.

თუმცა ხიდების მშენებლობამ მის მომავალში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 1979 წელს, მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებაში აიათოლას მოსვლამ სახლში დაბრუნების გეგმა ჩაუშალა, ლარიანი ძმასთან ერთად ექსპორტ-იმპორტის ბიზნესში ჩაება. ძმები სამხრეთ კორეიდან ჩამოტანილი იაფფასიანი სპილენძის ფიგურებით ვაჭრობდნენ (და ასევე ცდილობდნენ, ირანიდან მშობლების ფული გამოეტანათ). 80-იანი წლების დასაწყისში მათ საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ბიზნესში გადაინაცვლეს, შემდეგ კი Nintendo-ს თამაშების გაყიდვა დაიწყეს. პირველ წელს Game & Watch-ის გაყიდვებმა $21 მილიონი შეადგინა. მართალია, ეს ბუმი ორ წელიწადში ჩაცხრა, მაგრამ ლარიანს სათამაშოების ბიზნესისადმი ინტერესი დაუტოვა და როდესაც 1996 წელს ერთ-ერთმა გამომგონებელმა Mattel-ისა და სხვა კომპანიების მიერ დაწუნებული მოლაპარაკე თოჯინის ესკიზი მოუტანა, ლარიანმა ის მაშინვე აიტაცა. ყველას გასაკვირად, ხმაურიანი Bouncy Baby 1997 წლის ჰიტი გახდა.

ლარიანმა თავის გუნდს ახალი მოდური თოჯინის შექმნა დაავალა. „ყველაფერი, რასაც მთავაზობდნენ, „ბარბის“ მსგავსი იყო“, – იხსენებს ის. 2000 წლის სექტემბერში დამოუკიდებელმა დიზაინერმა კარტერ ბრაიანტმა მას დიდთავა და დიდტუჩა თოჯინის ესკიზი მოუტანა. ლარიანს ის თავიდან დიდად არ მოეწონა, სამაგიეროდ, მოეწონა მის პატარა ქალიშვილს, ჟასმინს.

„ბრატცმა“ გააკეთა ის, რაც ვერც მანამდე ვერც შემდეგ ვერც ერთმა თოჯინამ ვერ შეძლო: დაამარცხა „ბარბი“. 2005 წელს MGA-მ „ბრატცის“ გაყიდვებით $800 მილიონი მიიღო, „ბარბის“ შემოსავალი კი $445 მილიონამდე შემცირდა. „ბრატცს“ ჰქონდა ყველაფერი, რაც აკლდა „ბარბის“ – სექსუალურობა, მოდური სამოსი და მსგავსება სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

ამ წარმატებამ „პლასტმასის ომების“ დაწყება გამოიწვია. პირველი დარტყმა განახორციელა სათამაშოების უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, Mattel-მა, რომელმაც 2004 წელს MGA-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის აცხადებდა, რომ „ბრატცის“ შექმნის პერიოდში დიზაინერი ბრაიანტი ჯერ კიდევ მისი თანამშრომელი იყო და MGA-ს ადანაშაულებდა Mattel-ის თანამშრომლების მოსყიდვასა და გარე პროექტებისათვის ფარულად დაქირავებაში. საპასუხო დარტყმის სახით, MGA-მ განაცხადა, რომ სათამაშოების მყიდველების სახით შენიღბული Mattel-ის ხალხი უთვალთვალებდა გამყიდველებს და უხდიდა საცალო მოვაჭრეებს, რათა მათ „ბარბი“ ჩაეყენებინათ უპირატეს მდგომარეობაში „ბრატცთან“ შედარებით.

მერყევმა საქმემ აშშ-ის მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. იყო მომენტი, როდესაც MGA-ი თითქმის გამოვიდა ბიზნესიდან სასამართლო ხარჯებისა სასამართლო გადაწყვეტილებით „ბრატცის“ გაყიდვების შეჩერების გამო. ის გადაარჩინა მხოლოდ 2006 წლის ნოემბერში შეძენილმა Little Tikes-მა – ჩვილებისა და უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოების მწარმოებელმა.

სასამართლო MGA-ს სასარგებლოდ დასრულდა და გასული წლის იანვარში მან აინაზღაურა იურიდიულ მომსახურებაზე დახარჯული $137 მილიონი. გარდა ამისა, მოსამართლემ დაუტოვა ლარიანს საშუალება თავიდან შეიტანოს სარჩელი Mattel-ის წინააღმდეგ. ლარიანი ამბობს, რომ არ მიატოვებს ამ საქმეს, სანამ Mattel-ი მუხლებზე დაჩოქილი არ მივა მასთან : „თუ მათ უნდათ, რომ თავი დავანებო, ბოდიში უნდა მომიხადონ“.

მას საკუთარ ძმასთანაც კი რთული ურთიერთობა აქვს. 2000 წელს ფრედმა თავისი 45% -იანი წილი სულ რაღაც $9 მილიონად გაყიდა, შემდეგ კი ისააკის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი ბრალდებით, რომ მან დაუმალა ინფორმაცია „ბრატცის“ კომერციული პოტენციალის შესახებ (მაგრამ ისააკს აქვს არბიტრაჟის ჩანაწერი, რომელშიც ფრედი აღიარებს, რომ ძმას მისთვის არაფერი დაუმალავს). ფრედმა სარჩელი გამოიტანა, როგორც თავად ამბობს, მშობლების თხოვნით, მაგრამ ძმები უკვე ორი წელია, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. „ისააკმა ერთხელ მითხრა, რომ მას სურს ნახოს, ვინ მოვა მის დაკრძალვაზე, – ამბობს ფრედი – ესეც მისი სიხარბის მაჩვენებელია“.

თუმცა ლარიანს ჯერ საკუთარი ნეკროლოგი არ დაუწერია, არც წასვლაზე ფიქრობს და არც მემკვიდრის დასახელებაზე. ის კვლავაც თავად იღებს ყველა გადაწყვეტილებას, თითოეული თოჯინისათვის ქსოვილისა და ფეხსაცმლის შერჩევის ჩათვლით. MGA-ს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მან კომპანია დატოვა, რადგან ლარიანი არ აძლევდა მისთვის საჭირო უფლებამოსილებას. თანამშრომლების ტელეფონებზე უფროსის ზარი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება გაისმას. „ის ამბობს, რომ ექვსი საათი სძინავს, მაგრამ მე ამაში ეჭვი მეპარება“, – ამბობს ერთ-ერთი ყოფილი ტოპ-მენეჯერი. ლარიანის თქმით, ის დილის 4 -5 საათზე დგება, გზავნის ელექტრონულ ფოსტას, შემდეგ ლოს-ანჯელესის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახლიდან გამოდის, ვან-ნაუსის ოფისში მიდის და იქ 16 საათს ატარებს. ტექნიკური შეხვედრებიც კი მისი ნების შესაბამისად ვითარდება და სრულდება.

MGA არღვევს ყველა მიღებულ წესს, როდესაც საქმე ეხება სალიცენზიო ხელშეკრულებებს ისეთ სარეკლამო პროდუქტზე, როგორიცაა, მაგალითად, ზურგჩანთები და ლანჩის კოლოფები, რომლებსაც სხვა კომპანიები აწარმოებენ. ჩვეულებრივ, ლიცენზიის მფლობელთა უმრავლესობას სურს, რომ სათამაშო გახდეს ჰიტი გარიგების გაფორმებამდე, ლარიანი კი თავისი მენეჯერებისაგან მოითხოვს, ხელშეკრულებები ახალი პროდუქტის გაყიდვების დაწყებამდე დადონ. ასე იყო 2010 წელსაც, როდესაც ბაზარზე „ლალალუპსი“ გამოდიოდა. „მე ვმათხოვრობდი ლიცენზიებს, ვიხვეწებოდი“, – ამბობს MGA-ს ყოფილი თანამშრომელი. თუმცა ყველაფერი ანაზღაურდა. „ლალალუპსი“ – ნაჭრის თოჯინების სერია, ღილებისაგან გაკეთებული ნახშირივით შავი თვალებით, გრძელი კიდურებითა და ისეთი სახელებით, როგორიცაა Crumbs Sugar Cookie (შაქრიანი ნამცხვრის ნამცეცი) და Lalaloopsy Oopsie Princess Anise (ლალალუპსი პრინცესა ანისი) – გასაყიდად გამოვიდა 20 სალიცენზიო პარტნიორთან ერთად და ახლა ნამდვილი ბლოკბასტერია, რომელმაც შარშან დაახლოებით $350 მილიონის შემოსავალი მოიტანა (შედარებისთვის, „ბრატცის“ გაყიდვებმა სავარაუდოდ $50 მილიონი შეადგინა).

გასულ ორშაბათს ლარიანმა არ დაუშვა, რომ დიდხანს შემეშალა მისთვის ხელი. ის, როგორც ყოველთვის, დადიოდა მეორე სართულზე განლაგებულ კაბინეტებში, თავზე ადგებოდა თანამშრომლებს და უამრავ კითხვას უსვამდა მათ. ისინი პასუხობდნენ მორცხვი ბავშვებივით, ისევე შეშინებულები, როგორც ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც მე ვესაუბრე და რომლებიც ანონიმურობის დაცვას მთხოვდნენ. „ძალიან მომწონს შენი ვარცხნილობა“, – უთხრა მან დიზაინერს, რომელსაც თმა იასამნისფრად ჰქონდა შეღებილი. მოგვიანებით ის საბავშვო მანეჟის მსგავს ყუთთან გაჩერდა, რომელიც სავსე იყო Little Tikes-ის პლასტმასის მანქანების ნაწილებით. იაფი მაგნიტოფონიდან სულელური საცეკვაო ტექნომელოდია იღვრებოდა. მან იკითხა, დაიწყო თუ არა ერთ-ერთი მანქანის მოდელის წარმოება. დაიწყო.

ჩემი თანდასწრებით ის თანამშრომლებს მოკლედ ესაუბრება, ძალიან ზოგადად და ზოგჯერ ჩურჩულით, ჰპირდება რა, რომ მოგვიანებით დაელაპარაკება, როდესაც მე წავალ. „ლალალუპსის“ დიზაინერებს ურჩევს, სამუშაო მაგიდები ქაღალდის ფურცლებით დაფარონ, რომ მათი მოდელების ესკიზები ვერ დავინახო. „ნუ გეშინიათ, ის არ მოიპარავს თქვენს იდეებს“, – თქვა მან, როდესაც რამდენიმე დიზაინერს ჩავუარეთ.

ლარიანი დიდ ენაწყლიანობას არც პირად ცხოვრებაზე საუბრისას იჩენს. მას არ სურს ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ გახდა მილიარდერი და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მუშაობს არა იმდენად ფულის გამო, რამდენადაც იმიტომ, რომ უყვარს თავისი საქმე, ოპონენტებთან ბრძოლა და ა.შ. სამსახურისაგან თავისუფალ დროს ის აწყობს ყოველკვირეულ ე.წ. „შაბათის სადილებს“, რათა დაარწმუნოს თავისი სამი შვილი, შექმნან ოჯახები; მას ძალიან უნდა შვილიშვილები. გარდა ამისა, ის პოულობს დროს იმისთვის, რომ ველოსიპედით ისეირნოს და მეგობრებთან ერთად ხელბურთი ითამაშოს.

მისი ქალიშვილი ჟასმინი ბიზნესის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრეა. მას MGA-ში აქვს პატარა ოფისი, საიდანაც მართავს ქალის აქსესუარების საკუთარ ბიზნესს. „ერთი რამ, რაც ამ ამბავში არ მომწონს, ის გახლავთ, რომ არ შემიძლია მისი გაკონტროლება, – ამბობს ლარიანი. – მას საკუთარი ფული აქვს“.

ჩვენ გამოვდივართ ოფისიდან და დგება „კუმ ბა იას“ სტილში დამშვიდობების მომენტი, მე და ის ვართმევთ ხელს ახალ თოჯინა „ნივას“ „მუშკას“(Mooshka) სერიიდან – ეს არის ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი ვარდისფერთმიანი პატარა თოჯინა, რომელიც საბავშვო სიმღერას საშინელი სოპრანოთი მღერის. რამდენად დარწმუნებულია ის, რომ „მუშკა“ ჰიტი გახდება? ‘ხომ არ გინდა ნაძლევი დავდოთ?“- მეკითხება ის და მთავაზობს იმავე პირობებს, რომლებსაც მრავალ სხვა ადამიანს სთავაზობდა. – რას იტყვი $100-ზე? დიახ, მე აუცილებლად ჩავსვამ მას ჩარჩოში“.