უკრაინელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთი სამიტის მასპინძლობისათვის ემზადება, სადაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას განიხილავს. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი იერმაკის ინფორმაციით, საუდის არაბეთში დაგეგმილ სამიტს რამდენიმე ქვეყნის ლიდერი დაესწრება.
სამიტის ჩატარების ზუსტი რიცხვი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაცია პირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა და აღნიშნა, რომ სამიტის ჩატარება 5-6 აგვისტოს ჯედაშია დაგეგმილი და მას 30 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. ანდრეი იერმაკის განცხადებით, დისკუსიები უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ განხილვას დაეთმობა, რაც 10 ფუნდამენტურ პუნქტს ითვალისწინებს და რომლის იმპლემენტაციაც არა მხოლოდ უკრაინას მოუტანს მშვიდობას, არამედ მომავალში კონფლიქტების გადაჭრაშიც დიდ წვლილს შეიტანს.
ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი გეგმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსი სამხედროების ქვეყნიდან გასვლას, ყველა ტყვის გათავისუფლებას, აგრესიაზე პასუხისმგებელი პირებისათვის ტრიბუნალის მოწყობასა და უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, სამშვიდობო გეგმა ბაზისად იმ მიზეზით უნდა გამოიყენონ, რომ ომი სწორედ უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს.
Associated Press-ის ინფორმაციით, აღნიშნულ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლებს არ მიიწვევენ. უკრაინის ოფიციალური პირები სამშვიდობო გეგმას პირველ ეტაპზე პარტნიორებთან ერთად განიხილავენ. სამიტზე საქართველოს წარმომადგენლის მოწვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე გავრცელებული არ არის.
თავად საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.