სებ-მა იპოთეკით ბინის შეძენაზე რეგულაციები შეარბილა

სებ-მა იპოთეკით ბინის შეძენაზე რეგულაციები შეარბილა

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციებს არბილებს. სებ-ის განცხადებით, „უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი აქტივობის შენარჩუნების მიზნით“, ფიზიკურ პირზე, ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი, 90%-მდე გაიზრდება.

ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურ პირს, იპოთეკური სესხის გამოტანისას შეეძლება პირველადი შენატანის სახით ბინის ღირებულების 10% დაფაროს, დარჩენილი 90% კი, კრედიტით უზრუნველყოს. ამ დრომდე, ფიზიკურ პირს, პირველადი შენატანისთვის ბინის ღირებულების 15%-ის დაფარვა სჭირდებოდა, რაც ახალი დაშვებით, 5%-ით შემცირდა. თუმცა, რეგულაციებს მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს და უცნობია, როდემდე შენარჩუნდება სებ-ის შეღავათები.

გარდა ამისა, 10%-ით გაიზრდება სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღებთათვის. შედეგად, იპოთეკაში ემიგრანტების მინიმალური შენატანი 30%-დან 20%-მდე შემცირდება, რაც სებ-ის შეფასებით, იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, წლიურ ჭრილში სესხების ზრდამ 18.1% შეადგინა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). ზრდის უმეტესი ნაწილი ბიზნესსესხებზე მოდიოდა. 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 459.03 მილიონი ლარით გაიზარდა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, მათი მოცულობა წლიურ ჭრილში 2%-ითაა გაზრდილი. სებ-ის მონაცემებით, ქართულმა ბანკებმა ამ პერიოდში 246 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ Colliers Georgia-ს ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 7.5%-ით შემცირდა და 2,892 ერთეული შეადგინა. თუმცა ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 2.9%-ით, 208 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც უძრავ ქონებაზე ფასების მატებას უკავშირდება.