სექტემბერში ლარში გაცემული სესხები 419 მლნ ლარით გაიზარდა

სექტემბერში ლარში გაცემული სესხები 419 მლნ ლარით გაიზარდა

2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 419 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 14 მლნ დოლარით შემცირდა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 29.9 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული, საიდანაც უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.1%-ია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 56% იყო.

სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 40 მლნ ლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ლარში გაცემულ გრძელვადიან სესხებზე მოდის. ლარში გაცემული გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 45 მლნ ლარით გაიზარდა, როცა მოკლევადიანები 8 მლნ ლარით შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 256 მლნ დოლარით.

2019 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა და 14.1 % შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 0.3% პუნქტით გაიზარდა და 7.4%-ია.