სექტემბერში ფულადი გზავნილები 33%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 33%-ით შემცირდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფულადი გზავნილები 43.5 მილიონი დოლარით (33%-ით) შემცირდა. იანვარ-სექტემბერში კი ჯამში 294 მილიონი დოლარით (27%-ით) შემცირდა.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 30 მილიონი დოლარით (45%-ით) შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და იტალია, საბერძნეთიდან 11.2 მილიონი დოლარით (63%-ით) შემცირდა, ხოლო იტალიიდან 1 მილიონი დოლარით (10.4%-ით). 1.3 მილიონი დოლარით (18%-ით) გაიზარდა გზავნილები აშშ-დან.

ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 12 თვეში გზავნილები 361 მილიონი დოლარით არის შემცირებული.