სექტორული ალიანსი

სექტორული ალიანსი

მოგზაურობა და ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა $2,5 ტრილიონზე მეტი პირდაპირი კონტრიბუციით გლობალურ ეკონომიკაში (მთლიანი შიდა პროდუქტის 3.6%). საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით ყველაზე პოპულარული ქვეყნებია: საფრანგეთი, აშშ, ესპანეთი, ჩინეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი. ბოლო პერიოდში პატარა და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ბაზრებიც აქტიურდებიან. სად ვართ ჩვენ? საქართველო ტურიზმიდან მიღებული $2.8–მილიარდიანი (მშპ-ის 6.9%) შემოსავლით 26-ე ადგილზეა 185 ქვეყანას შორის. მსოფლიო მასშტაბით ამ მხრივ ლიდერი ქვეყნები ისეთი “ჯუჯა” სახელმწიფოებია, როგორიცაა მალდივის კუნძულები (მშპ-ის 39.6%), სადაც 417 ათას მოსახლეზე 1.5 მილიონი ტურისტი მოდის და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები (მშპ-ის 35.4%), სადაც მოსახლეობა მხოლოდ 28 ათასია, ტურისტების რაოდენობა კი -345 ათასი. ამ პატარა სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარება, განსხვავებით ჩვენი ქვეყნისგან, სადაც ეკონომიკა განვითარებული ქვეყნების მსგავსად დივერსიფიცირებულია, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ტურიზმზეა მიბმული. საქართველო იშვიათი ტურისტული ცენტრების სიაშია მოსახლეობის რაოდენობასთან ტურისტების შეფარდების მაჩვენებლითაც და ამ შემთხვევაშიც საზღვაო ტურიზმზე დამოკიდებულ ისეთ კუნძულოვან “ჯუჯა” სახელწიფოებს ჩამოუვარდება, როგორიცაა ზემოთ ხსენებული მალდივისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და მათი მსგავსი სეიშელისა და ბაჰამის კუნძულები, ასევე მალტა. ჩვენთან, 3.7-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში 2017 წელს 4.1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა, საერთაშორისო ვიზიტორების (24 საათზე ნაკლები დროით ვინც გაჩერდა) რაოდენობამ კი 7,9 მილიონი შეადგინა. 2025 წლისთვის ამ რიცხვის 11 მილიონამდე ზრდას პროგნოზირებენ. უცხოელი ვიზიტორების მზარდ სტატისტიკას ხელს უწყობს ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური სავიზო პოლიტიკა და სტაბილური გარემო. 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში უვიზოდ მოგზაურობს. უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო ათეულში მეშვიდე ადგილზე ვართ. 2006 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ვიზიტორების ზრდის ტემპით საქართველოს მსოფლიოში მესამე ადგილი უჭირავს.

მსოფლიო ირჩევს საქართველოს

ჩვენ, მართალია, კუნძულოვან სახელწიფოებზე დიდი, მაგრამ მსოფლიო რუკაზე მაინც პატარა ქვეყანა ვართ. “წმინდა” საზღვაო ტურისტული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ამ სექტორში განვითარების მრავალმხრივი პოტენციალი გვაქვს: ისტორია, შესანიშნავი ბუნება, კულინარია, მეღვინეობა და ქართული სტუმარმასპინძლობა. საქართველოში მთისა და ზღვის მაღალი დონის საერთაშორისო კურორტებია. აქ არის წელიწადის ოთხივე სეზონი. ზაფხულში ერთ-ერთი პირველი, რაც დასვენებას მონატრებულებს გვახსენდება, ბათუმია და ეს გვეხება არა მხოლოდ ქართველებს. ქალაქი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის რეგიონის ლიდერია. ყოველწლიურად გვემატება სტუმრები მთელი მსოფლიოდან. ბათუმი ყველაზე მომთხოვნი უცხოელის გემოვნებას აკმაყოფილებს არა მხოლოდ ულამაზესი ბუნებით, არაჩვეულებრივი კლიმატით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა ბულვარით, არამედ ასევე დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით: საერთაშორისო ბრენდული სასტუმროებით, კაზინოებით, რესტორნებით, კაფე-ბარებითა და ღამის კლუბებით. შავიზღვისპირეთის ლას-ვეგასად წოდებული ბათუმი რეალურად იქცა სათამაშო ბიზნესის ჰაბად. ქალაქში, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 180 ათასია, 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს და ამ სტატისტიკით კონკურენციას უწევს მსოფლიოს სათამაშო ბიზნესის ისეთ ცენტრებს, როგორიცაა მონაკო (1 მოსახლეზე 8.7 ტურისტი) და მაკაო (1 მოსახლეზე 24.8 ტურისტი). ზამთარში ბაკურიანისა და გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტებია დატვირთული ტურისტებით. მთის კურორტების განვითარების კუთხით, აღსანიშნავია კოხტა-მიტარბის პროექტი, რომელიც ბაკურიანში, კოხტაგორას მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების საკურორტო კომპლექსის აშენებას მოიცავს და ოთხსეზონიანი სამთო-სათხილამურო კურორტი “გოდერძი” ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. უცხოელი ტურისტებისთვის კიდევ ერთი აღმოჩენაა უნიკალური მაღალმთიანი თუშეთი, რომელიც CNN-ის ათეულშია, როგორც “12 საუკეთესო ადგილი, რომელთა შესახებ არასდროს გსმენიათ”. მთის ტურიზმზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სვანეთს. უცხოელებისთვის ადგილობრივი ბუნება და სვანური კოშკები დაუვიწყარი სანახაობაა. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე უშგულს BBC ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელს უწოდებს. გვაქვს დიდი პოტენციალის მქონე სპა და ბალნეოლოგიური კურორტები – წყალტუბო და აბასთუმანი, ისევე როგორც ბორჯომ-ლიკანი. ძალიან პერსპექტიულია ღვინის ტურიზმი ღვინის სამშობლოში, ღვინის 8000–წლიანი ისტორიით. ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში ულამაზესი კანიონებია. მარტვილის კანიონი, რომელიც იურული პერიოდის ილუზიას ქმნის, მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა პრეისტორიულ ცხოველთა ნაშთების რაოდენობით. წყალუხვი ჩანჩქერებით გამოირჩევა ოკაცეს კანიონი.

ყველა კუთხეს აქვს ის განუმეორებელი ხიბლი, რის გამოც უცხოელები საქართველოს ირჩევენ.

დაბოლოს, თბილისი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულმა წამყვანმა ამერიკულმა სამოგზაურო პორტალმა, Tripadvisor-მა, საუკეთესო პოტენციალის მქონე ტურისტული ქალაქების ათეულში დაასახელა, ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ცენტრთან ერთად რეგიონის ბიზნესდედაქალაქია. ბოლო წლებში თბილისი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქის ტენდენციებით ვითარდება, შენდება A კლასის ბიზნეს-და სავაჭრო ცენტრები. შთამბეჭდავი ზრდაა სტუმარმასპინძლობის სექტორში. ამჟამად დედაქალაქში საერთაშორისო ბრენდის 20-მდე ახალი სასტუმროს მშენებლობა და პროექტირება მიმდინარეობს. მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი – 72% – თბილისშია. “ალიანს ჯგუფის” მთავარი მიმართულება სწორედ გლობალურ სასტუმრო ქსელებთან თანამშრომლობაა.

სექტორული ალიანსი წარმატებული ბიზნესმოდელია

ტურიზმი და უძრავი ქონება ერთმანეთის მხარდამჭერი ორი სფეროა. დღეს ჩვენს ქვეყანაში 27,000-ზე მეტი სასტუმრო ნომერია, უახლოეს 5 წელიწადში მიწოდება დაახლოებით 7000-მდე ერთეულით გაიზრდება. სასტუმროების განვითარებასთან ერთად, ტურიზმში მნიშვნელოვანი წილი უკავია სასტუმრო აპარტამენტების ბიზნესს. მთავარი მიმზიდველობა აპარტამენტის მესაკუთრეებისთვის აქ კომერციული ინტერესია. სწორედ ამ ხედვით დავიწყეთ 2008 წელს საქართველოში სასტუმრო-აპარტამენტების კონცეფციის დანერგვა. 2015 წელს სტრატეგია უფრო გავაფართოვეთ და საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან თანამშრომლობა დავიწყეთ. პირველი ასეთი პროექტია “ალიანს პალასის” მულტიფუნქციური კომპლექსი ბათუმში, რომელიც Marriott International-თან პარტნიორობით შენდება და აპარტამენტებსა და სასტუმრო Courtyard by Marriott-ს აერთიანებს. Marriott International-თან პარტნიორობით ვავითარებთ ასევე “ალიანს ფრივილიჯის” მულტიფუნქციურ კომპლექსს, სადაც განთავსდება Marriott-ის პირველი 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში. 2017 წელს სასტუმრო-აპარტამენტების კომბინირებულ ბიზნესკონცეფციას რეზიდენციული ასპექტი დაემატა: “ალიანს ჰაილაინის” პროექტში, რომელიც თბილისში Wyndham Worldwide-თან პარტნიორობით შენდება და Wyndham Garden-ის სასტუმროსა და აპარტამენტებს მოიცავს. ჩვენ ბიზნესს თამამი ნაბიჯებით ვავითარებთ. ჩვენ პირველები ვახორციელებთ ინვესტიციას კურორტ გოდერძიზე, აქ ევროპაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი სასტუმრო ბრენდის – Ramada-ს 100–ნომრიან სასტუმროს ორ წელიწადში გავხსნით.

საქართველოს სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე ოპერირება 2005 წელს, ბათუმში პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლით დავიწყეთ. დასრულებულ პროექტებში $200 მილიონზე მეტი გვაქვს დაბანდებული. ოთხ მიმდინარე ფრანშიზულ მულტიფუნქციურ კომპლექსში კი, რომლებსაც მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ქსელებთან პარტნიორობით ვავითარებთ, ჯამში $210 მილიონის ინვესტიციას ვახორციელებთ და 600 სასტუმრო ნომერსა და 2800 სასტუმროს ტიპის აპარტამენტს ვაშენებთ.

საქართველოში სასტუმრო აპარტამენტების ბიზნესის განვითარება ეფუძნება ისეთ მყარ ეკონომიკურ წინაპირობას, როგორიც არის ამ ტიპის უძრავ ქონებაზე ჯერ კიდევ დაბალი და ამავდროულად ღამის თევის საშუალო ევროპულზე მაღალი ფასები. ვინაიდან ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, სასტუმრო აპარტამენტი მომავალი მესაკუთრისათვის არის მოგებიანი საინვესტიციო პროდუქტი. მაგალითისთვის, სასტარტო ფასი ჩვენს პირველ ბრენდულ მულტიფუნქციურ კომპლექსში, “ალიანს პალასში”, დღეს 210%-ით არის გაზრდილი. ამას ემატება აპარტამენტის გაქირავებიდან საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანიისაგან მიღებული სარგებელი. ინვესტიციის განხორციელებიდან 4-5 წელიწადში მესაკუთრე არა მხოლოდ სწრაფ უკუგებას იღებს, მას რჩება უძრავი ქონება გაზრდილი ღირებულებით. საქართველოში არსებული ლიბერალური ბიზნესგარემო კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენი აპარტამენტების მყიდველების 80%-ს უცხოეთის მოქალაქეები წარმოადგენენ. უძრავი ქონების საკუთრების დარეგისტრირებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება, ქონების გადასახადი არ მოითხოვება, ხოლო აპარტამენტის ღირებულების მინიმუმ 35 ათასი დოლარის შემთხვევაში, არარეზიდენტისთვის გაიცემა ბინადრობის ნებართვა.

საქართველო რომ მსოფლიო ტურიზმის საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება, ამის დასტურია ქვეყნის ჩართვა RCI-ის დასვენების გაცვლის გლობალურ ქსელში, რომლის წევრიც 4 მილიონი ოჯახია. RCI-ის შემოსვლით საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ტრანსფორმაცია დაიწყო. “ალიანს ჯგუფისა” და საკუთრების გაზიარების მსოფლიო ლიდერის პარტნიორობის ბიზნესმოდელი შემდეგია: ჩვენ მიერ განვითარებულ ექსკლუზიურ პროექტებში ქონების მესაკუთრეებს აპარტამენტების გარკვეული ვადით გაცვლის უფლება ეძლევათ 4300 საერთაშორისო დონის რიზორტიდან სასურველში, 110-ზე მეტ ქვეყანაში. “ალიანს ჯგუფის” ქონება RCI-ის “ოქროს გვირგვინის” სტატუსით სარგებლობს, რაც დამატებით 200 უმაღლესი კლასის ელიტარულ დასასვენებელ ლოკაციას ნიშნავს. იმისათვის, რომ “ალიანს ჯგუფის” მიერ შემოთავაზებული საკუთრების გაცვლის შესაძლებლობის ყველა სიკეთით ისარგებლოთ, უნდა გახდეთ “ალიანსის პრივილეგირებული კლუბის” წევრი: იხდით ყოველწლიურ გადასახადს, უთითებთ თქვენთვის სასურველ დასვენების დროს, მიმართულებას, ოჯახის წევრთა რაოდენობას და სისტემა თავად გთავაზობთ ფართო არჩევანს. სისტემა უნივერსალურია და კონკრეტული ადამიანის სურვილებზე მორგებული. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წელი არ გამოიყენებთ დასვენების გაცვლას, გიგროვდებათ ქულები და უკვე შემდეგ წელს შეგიძლიათ კიდევ უფრო მაღალი კლასის კურორტზე დაისვენოთ ან დასვენების დრო გაზარდოთ. RCI-ის გაცვლითი სისტემა იმ შემთხვევაშიც მოქმედებს, თუ კომპლექსის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. მაგალითისთვის: “ ალიანს ჰაილაინის” აპარტამენტის მფლობელებს წინასწარ შეუძლიათ ისარგებლონ გაცვლითი სისტემით და დაისვენონ მათთვის სასურველ რიზორტზე. RCI-ის პლატფორმაზე “ალიანს ჯგუფის” რიზორტებისა და ქვეყნის სარეკლამო კამპანია დაწყებულია. ჩვენი პარტნიორის გლობალური ქსელის მეშვეობით, პირველი დამსვენებლები საქართველოდან 2018 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან.

კომპანიის განვითარების დღეისთვის უახლესი ეტაპი RCI-სთან პარტნიორობაა. საქართველოში დასვენების ინდუსტრიისთვის ეს რომ ისტორიული ფაქტია, ამის თვითმხილველები მალე ერთად გავხდებით.

ავტორი: აკაკი სონგულია – ალიანს ჯგუფის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.