შესაძლოა, Disney-მ მიკი მაუსზე და სხვა პერსონაჟებზე საავტორო უფლებები დაკარგოს

შესაძლოა, Disney-მ მიკი მაუსზე და სხვა პერსონაჟებზე საავტორო უფლებები დაკარგოს

საავტორო უფლებები, რომლებსაც Disney-ი კომპანიის ადრეულ პერსონაჟებზე ფლობს – საფრთხის წინაშეა, რადგან შტატ მისურის რესპუბლიკელ სენატორს, ჯოშ ჰაულის საავტორო უფლებების დაცვის ვადის 56 წლამდე შემცირება სურს. ამგვარად, თუ სენატორ ჰაულის კანონპროექტი დღის შუქს იხილავს, მიკი მაუსი და Disney-ის სხვა ადრეული საკულტო პერსონაჟები კერძო კომპანიის მფლობელობაში აღარ იქნებიან.

„დიდი ბიზნესისათვის გაცემული რესპუბლიკური მოწყალების ერა დასრულდა“, – ვკითხულობთ სენატორ ჰაულის პრეს-რელიზში. „დროა, Disney-ის პრივილეგიები ჩამოვართვათ და კრეატიულობისა და ინოვაციის ახალ ერას დავუდოთ სათავე“.

აღსანიშნავია, რომ სენატორ ჰაულის Disney-ისადმი ამგვარი დამოკიდებულება მოულოდნელი სულაც არ არის – საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ Disney-ი ღიად დაუპირისპირდა შტატ ფლორიდაში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომლითაც სკოლებში გენდერული იდენტობის განხილვა იკრძალებოდა. საინტერესოა, რომ Disney-ის ამგვარ პოზიციას უშუალოდ ფლორიდას რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რონ დესანტისმაც უპასუხა და Disney-ის თემატურ პარკს სპეციალური მუნიციპალური უბნის სტატუსი გაუუქმა, რომელიც კომპანიას 1960 წლიდან ჰქონდა.

Disney-ის საკულტო პერსონაჟ მიკი მაუსი ეკრანებზე პირველად 1928 წელს გამოჩნდა, მულტფილმში „თბომავალი უილი“ – იმ დროს, Disney-ის საავტორო უფლებები 56 წლით ჰქონდა მინიჭებული. 1984 წელს, როცა საავტორო უფლებების ვადა იწურებოდა, Disney-ის ლობირებით ფედერალურმა ხელისუფლებამ 1976 წლის საავტორო უფლებების აქტი გამოსცა და საავტორო უფლებების მოქმედების ვადა 75 წლამდე გაახანგრძლივა. 1998 წელს, Disney-ის ხელახალი ლობირებით, ფედერალურმა ხელისუფლებამ საავტორო უფლებების მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა, ამჯერად 95 წლამდე. ბოლო გაგრძელების შემდეგ, საავტორო უფლებების ვადა 2024 წელს იწურება.

აღსანიშნავია, რომ საკუთარ პერსონაჟებზე საავტორო უფლებების დაცვა Disney-ის სხვაგვარადაც შეუძლია, მათ შორის კომერციული სავაჭრო ნიშნების დაცვით.