Skype მაისში არსებობას შეწყვეტს

Skype მაისში არსებობას შეწყვეტს

Skype — ერთ დროს ინტერნეტით ზარების განსახორციელებელი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია სულ მალე დაიხურება. მიზეზი რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა და კონკურენტების მზარდი პოპულარობაა.

Microsoft-მა პარასკევს განაცხადა, რომ Skype 5 მაისს დაიხურება და ორდეკადიანი ისტორიის მქონე პლატფორმა მომხმარებლებისათვის Microsoft Teams-ის უფასო ვერსიით ჩანაცვლდება.

Skype-ის არსებულ მომხმარებლებს დაახლოებით ორი თვე ექნებათ გადასაწყვეტად, Microsoft Teams-ზე გადასვლა სურთ თუ საკუთარი მონაცემების ექსპორტი. Microsoft-მა Skype  2011 წელს 8,5 მილიარდ დოლარად შეიძინა.

შეთანხმების მიხედვით, Skype მთავარი პლატფორმა უნდა გამხდარიყო Microsoft-ის მომხმარებლებს შორის რეალურ დროში კომუნიკაციისათვის — ის Windows-ში, Xbox-ში და სხვა პროდუქტებში იქნებოდა ინტეგრირებული.

ექვსი წლის შემდეგ Slack-ის მზარდი პოპულარობის საპასუხოდ Microsoft-მა Teams წარადგინა — კოლაბორაციული ხელსაწყო ბიზნესებისათვის.

Teams-მა პროფესიულ კონტექსტში თანდათან ჩაანაცვლა სკაიპი, რადგან მისი დახმარებით მომხმარებლებს შეეძლოთ მიმოწერა, ვიდეოქოლების განხორციელება და ფაილების გაზიარება. Skype-ისაგან განსხვავებით, Teams-ს ჰქონდა არხებისა და ჩაშლილი მიმოწერების ფუნქცია (Threads). გარდა ამისა, Skype-მა პანდემიის დროს, როცა დისტანციური კომუნიკაციის სერვისების ბუმი იყო, მომენტის გამოყენება ვერ შეძლო. მას სწრაფად გაუსწრეს Zoom-მა და WhatsApp-მა.

მაიკროსოფტის განცხადებით, 2023 წელს სკაიპს 36 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. უცნობია, ახლა რამდენი მომხმარებელი ჰყავს სკაიპს, თუმცა Microsoft 365-ის კოლაბორაციული პლატფორმების პრეზიდენტმა ჯეფ ტეპერმა განაცხადა, რომ ბოლო ორ წელში Teams-ის მომხმარებელთა რიცხვი ოთხჯერ გაიზარდა.

Microsoft-ის დირექტორმა სატია ნადელამ სკაიპის შესახებ განცხადება ბოლოს 2017 წელს გააკეთა.