ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული დონორთა ქსელი, 2024 წლიდან, ევროკავშირის მასშტაბით, პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების მკვეთრად შემცირებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ფონდი საქმიანობას მსოფლიოს სხვა ადგილებში გააძლიერებს, სადაც სამოქალაქო უფლებების დარღვევა ბევრად უფრო აქტუალური პრობლემაა.
“ღია საზოგადოების ფონდებში” დაგეგმილი ცვლილების შესახებ ცნობილი, ორგანიზაციის შიდა მეილის საშუალებით გახდა. ქსელის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია პოლიტიკურ დამკვირვებლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებში, რომლებიც დაფინანსებებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის უნგრეთში, არალიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდნენ.
“ფონდის მიერ ახლადდამტკიცებული სტრატეგიული მიმართულება ევროკავშირში, ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობის დიდი ნაწილის შეწყვეტას ითვალისწინებს. თუმცა, ქსელი რესურსებსა და ყურადღებას მსოფლიოს სხვა ნაწილებისკენ მიმართავს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“ღია საზოგადოების ფონდები” განცხადებისას, თავად ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მთავრობების მიერ, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და პლურალიზმისთვის გამოყოფილ მნიშვნელოვან რესურსებზეც აკეთებს აქცენტს და დასძენს, რომ ორგანიზაცია, ამიერიდან ევროპაზე, მხოლოდ გლობალურ საკითხებში რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარეღა გეგმავს კონცენტრირებას.
შეგახსენებთ, უნგრეთში დაბადებულმა 93 წლის ინვესტორმა თავისი გლობალური ორგანიზაციის მმართველობა ივნისში შვილს, ალექს სოროსს გადააბარა. იმავე თვეში, “ღია საზოგადოების ფონდებმა” პერსონალის 40%-ით შემცირება დააანონსა.
Forbes-ის შეფასებით, ჯორჯ სოროსის ქონება $6.7 მილიარდს შეადგენს. 1984-2017 წლებში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი პროექტების დასაფინანსებლად სოროსმა $32 მილიარდზე მეტი გაიღო.