სარეიტინგო სააგენტო S&P საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ელოდება, რის მიზეზადაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდას და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკურ გაჯანსაღებას ასახელებს.
სააგენტომ საქართველოს რეიტინგი BB-/B დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით სტაბილური. S&P ელოდება, რომ მთავრობის საგარეო ვალი მშპ-ს 40%-მდე დასტაბილურდება, ხოლო ქვეყნის მიმდინარე ანგარშის დეფიციტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გავლენით შემცირდება.
სააგენტო 2018-2020 წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდას 4%-ის ფარგლებში ელოდება.
“საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ისტორიულად ხელს უწყობს FDI და ვფიქრობთ, რომ ეს ასე გაგრძელდება მომდევნო 4 წელში. უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი მოდის, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ტურიზმის სექტორებზე. მსხვილი პროექტები, ისეთი როგორიცაა მაგალითად ანაკლიის პორტი მოსალოდნელია, რომ ჩინეთი-ევროპის მარშრუტზე სავაჭრო ბრუნვას გაზრდის. ველოდებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნაში რეფორმების გატარებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში“, – აღნიშნავს სააგენტო და დასძენს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელში მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული კვლავ დაბალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, რაც ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის შემოსავლებზე. S&P-ს პროგნოზით, მომდევნო წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ მცირედით გაიზრდება.
“საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნაში მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას აქვს, ძლიერმა მანდატმა კი შესაძლოა ხელი შეუწოს ქვეყანაში რეფორმების გატარებას, თუმცა ცენტრალიზებულ ძალას თავისი რისკებიც ახლავს თან“, – ვკითხულობთ S&P-ს მიმოხილვაში. სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოში სხვადასხვა ინსტიტუტები კვალვ საკმაოდ მცირე გამოცდილებისაა, რაც მათ გარე გავლენების მიმართ მგრძნობიარეს ხდის. მაგალითად სააგენტოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის მაგალითი მოჰყავს. ანგარიშში მოხვდა თავდაპირველად პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, კონტიტუციის პროექტის მიღებაც.
“საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეშფოთება რამდენჯერმე გამოხატა ვენეციის კომისიამ და სხვადასხვა პარტიებმაც, რადგან ისინი მიიჩნევდნენ რომ პოლიტიკური სისტემა ნაკლებად პლურალისტური გახდებოდა”, – აღნიშნავს S&P.
მიუხედავად აღნიშნული ხარვეზებისა, სარეიტინგო სააგენტო წერს, რომ საქართველოს ინსტიტუტები რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ რისკად კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სახელდება, საკითხის მოგვარებას საშუალოვადიან პერიოდში სააგენტო არ ელოდება.