სტამბულის მერის დაკავებას თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

სტამბულის მერის დაკავებას თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავებას თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად განიხილება, თურქეთის პოლიციამ გუშინ, არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავა.

იმამოღლუ „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) წევრია და ერდოღანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ კონკურენტად განიხილება. პროკურორები სტამბულის მერს კორუფციასა და ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და მას „კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერსაც“ უწოდებენ. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დამატებით 100 ადამიანის დაკავების ორდერიც გასცა, მათ შორის არიან: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები.

სტამბულის მერის დაკავების შემდეგ თურქეთის უდიდესი ქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ერდოღანს დიქტატორად მოიხსენიებდნენ. განცხადება, ონლაინ, იმამოღლუმაც გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ „ხალხის ნების იგნორირება შეუძლებელია“.

საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზნით, სტამბულის გუბერნატორმა დემონსტრაციებზე 4-დღიანი შეზღუდვა დააწესა. გადაიკეტა რამდენიმე გზა და შეჩერდა ზოგიერთი სოციალური მედიაპლატფორმის მუშაობა. ამის მიუხედავად, მომიტინგეები შეკრებილნი იყვნენ როგორც ქალაქის ქუჩებში, ასევე უნივერსიტეტის კამპუსებსა და მიწისქვეშა სადგურებში და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

Reuters-ის ცნობით, საპროტესტო აქციებისას სტამბულში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკებაც დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბულის უნივერსიტეტის გარეთ მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.

იმამოღლუ და მისი თანამოაზრეები სავარაუდო კორუფციაში, მათ შორის გამოძალვასა და თაღლითობაში არიან ბრალდებულნი. ამავდროულად, პროკურატურა სტამბულის მერს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდაჭერაშიც ადანაშაულებს. PKK ანკარის, ვაშინგტონისა და თურქეთის სხვა მოკავშირეების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ცნობისთვის, დაკავებამდე ერთი დღით ადრე, სტამბულის უნივერსიტეტმა იმამოღლუს ბაკალავრის ხარისხიც გაუუქმა, რაც არჩევნებში მონაწილეობის აუცილებელი პირობა იყო.

სტამბულის მერის დაკავებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ლაიენმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა და თურქეთს დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ვალდებულება შეახსენა: „თურქეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ გვინდა თურქეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება, თუმცა ეს მოითხოვს მკაფიო ერთგულებას დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს“.