Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის ვაჟმა, რიდ ჯობსმა, კიბოსგან განკურნების ახალი მეთოდების დასაფინანსებლად ვენჩურული კაპიტალის ფირმა დააარსა. შეგახსებეთ, სტივ ჯობსი 2011 წელს, პანკრეასის კიბოსთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
რიდ ჯობსის ახალმა VC-ფირმამ ინვესტორებისგან $200 მილიონი უკვე მოიზიდა. ინვესტორებს შორის არიან ვენჩურული კაპიტალის მილიარდერი ჯონ დორი, „როკფელერის უნივერსიტეტი“, „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ და „სლოუნ კეტერინგის კიბოსთან ბრძოლის მემორიალური ჰოსპიტალი“.
რიდ ჯობსის ახალი ვენჩურული ფირმა Yosemite, 2004 წელს, სტივ ჯობსის მეუღლის, ლორენ პაუელ ჯობსის მიერ დაარსებული საინვესტიციო, სოციალური გავლენისა და ფილანთროპიული კომპანიის, Emerson Collective-ის ნაწილია. Yosemite-ის სახელწოდება ეროვნული პარკიდან იღებს სათავეს, სადაც სტივ და ლორენ ჯობსებმა იქორწინეს.
Times-ის ცნობით, Yosemite მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი იქნება, თუმცა დონორთა რჩევის ფონდსაც შეინარჩუნებს და პროექტის წარმატების შემთხვევაში, ახალი პერსპექტიული იდეების ხელშემწყობი გახდება. რიდის განცხადებით, თავად არასდროს არ სურდა ვენჩურული კაპიტალისტი გამხდარიყო, თუმცა რეალურად დაინახა, თუ რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ის მეცნიერული მიღწევებისთვის.
ცნობისთვის, Forbes-ის შეფასებით, ლორენ პაუელ ჯობსის ქონება $14.3 მილიარდს შეადგენს. ლორენმა Emerson Collective-ი 2004 წელს დააარსა, ხოლო მისი გარდაცვლილი ქმრისგან მიღებული ქონების დიდი ნაწილი Apple-ისა და Disney-ის აქციებში დააბანდა.