ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი იანვარში რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. მატება ძირითადად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ტარიფების ამოქმედებამდე, ბიზნესების მხრიდან საქონლის იმპორტის დაჩქარებით იყო განპირობებული. ეკონომისტების ვარაუდით, სავაჭრო დეფიციტის ზრდა შესაძლოა, წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის შენელებაშიც გამოიხატოს.
სავაჭრო დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს (BEA) მონაცემებით, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი დეკემბრის დაზუსტებული $98.1 მილიარდიდან, იანვარში 34%-ით, $131.4 მილიარდამდე გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმსაც მიაღწია. BEA-ის შეფასებით, შედეგად, 2015 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ეკონომისტების ნაწილი სავაჭრო დეფიციტის $127.4 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობდა. პროგნოზები ტრამპის მიერ 25%-იანი ტარიფების დაანონსებას მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე 25%-იანი ტარიფი გამოაცხადა, ხოლო ჩინურ საქონელზე გადასახადები 20%-მდე გააორმაგა. თუმცა მექსიკისა და კანადის შემთხვევაში ტარიფები ერთი თვით, 2 აპრილამდე შეაჩერა.
იანვრის მონაცემებით, აშშ-ის იმპორტი 2020 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დიდი პროცენტული ნიშნით, 10%-ით გაიზარდა და $401.2 მილიარდს მიაღწია. ამავდროულად, საქონლის იმპორტმა რეკორდული 12.3%-ით იმატა და $329.5 მილიარდი შეადგინა. ეს უკანასკნელი, სამრეწველო მარაგებისა და მასალების იმპორტის $23.1-მილიარდიანი ზრდით იყო განპირობებული. იმავე პერიოდში, სამომხმარებლო საქონლის იმპორტი $6 მილიარდით, ხოლო კაპიტალური საქონლის იმპორტი $4.6 მილიარდითაა გაზრდილი.
პარალელურად, ექსპორტი მხოლოდ 1.2%-ით გაიზარდა და იანვარში $269.8 მილიარდი შეადგინა. საქონლის ექსპორტი გაიზარდა 1.6%-ით $172.8 მილიარდამდე, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი – $1.7 მილიარდით. აღნიშნულ კატეგორიებში ექსპორტის მაჩვენებლის მატების მიუხედავად, სხვა სახის საქონლის ექსპორტი $1.3 მილიარდითაა შემცირებული.
უახლესი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ატლანტის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წინასწარი შეფასებები გამოაქვეყნა. მისი პროგნოზებით, მიმდინარე კვარტალში მშპ-ის წლიური კლება 2.8%-ს მიაღწევს. ცნობისთვის, ოქტომბერ-დეკემბრის კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა.