ფოტო: lowyinstitute.org
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ავღანეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, თალიბანი, აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს. ამის სანაცვლოდ კი, ტერორისტული ორგანიზაცია დასავლური სანქციების შემსუბუქებასა და ავღანეთის გაყინული აქტივების გათავისუფლებას ითხოვს.
ავღანეთის დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ, ამირ ხან მუთაქის განცხადებით, ქვეყანა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, სამთო მრეწველობაში, ინფრასტრუქტურაში, სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობის მიმართულებით, ამერიკულ ინვესტიციებს მიესალმება. მისი თქმით, ავღანეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მხოლოდ უკანასკნელი 20 წლის ჭრილში არ უნდა შეფასდეს და ყურადღება მომავალ თანამშრომლობაზე უნდა გამახვილდეს.
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ღიაა“, — განაცხადა მუთაქიმ.
ავღანეთში არსებული მინერალური რესურსები ამ შეთავაზების ერთ-ერთი საფუძველია. აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერილი გეოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ ქვეყანას შესაძლოა სულ მცირე $1 ტრილიონის ღირებულების მინერალური რესურსების მარაგი ჰქონდეს. მათ შორისაა სპილენძი, რკინის მადანი, ნიობიუმი, კობალტი, ოქრო და ლითიუმი. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ამ რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ორგანიზაციამ სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში $7 მილიარდზე მეტის ინვესტიციები დააანონსა. ეს თანხა ძირითადად ჩინეთიდან და ინდოეთიდან მოდიოდა.
რაც შეეხება გაყინულ აქტივებს, ავღანეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, დაახლოებით $9.5 მილიარდის რეზერვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ რჩება. მათგან $7 მილიარდამდე კი აშშ-ში ინახება. 2022 წელს, $3.5 მილიარდი აშშ-მა შვეიცარიაში დაფუძნებულ ე.წ. „ავღანეთის ფონდში“ გადაიტანა. ფონდის მიზანი ავღანეთის ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერაა, თუმცა ისე, რომ ეს თანხა თალიბანის ხელისუფლების სასარგებლოდ არ იყოს გამოყენებული. პროცენტის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, ეს თანხა $4 მილიარდამდეა გაზრდილი.















