თავდასხმების განახლების შემდეგ აშშ-მა ირანულ ნავთობზე სანქციები თავიდან დააწესა

თავდასხმების განახლების შემდეგ აშშ-მა ირანულ ნავთობზე სანქციები თავიდან დააწესა

ფოტო: REUTERS/STRINGER

 

მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე იერიშები განაახლა, შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე სანქციები თავიდან დააწესა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის მიერ თავდასხმების განახლება „სრულად მიუღებელია“ და მას შესაბამისი ზომები მოჰყვება.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმების ფარგლებში, შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის შესყიდვის უფლება სახელმწიფოებს 21 აგვისტომდე მისცა. თუმცა გუშინდელი თავდასხმების შემდეგ, აშშ-მა სანქციები კვლავ აამოქმედა და აღნიშნული პერიოდი 17 ივლისამდე შეამცირა.

აშშ-მა აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ჰორმუზის სრუტეში არსებული სამი ტანკერი გაურკვეველი წარმომავლობის რაკეტამ დააზიანა. თუმცა საინტერესოა, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა თეირანს არ აუღია.

აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, მიუხედავად ბოლოდროინდელი ესკალაციისა, ამერიკელი მომლაპარაკებლები გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას აგრძელებენ.

მოგეხსენებათ, ჰორმუზის სრუტე და მასზე უფლებები ირან-აშშ-ის მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთ-ერთ გარდამტეხ ფაქტორს წარმოადგენს. ირანის პოლიტიკურ ელიტაში გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა ჰორმუზის სრუტის საკითხი ბირთვულ პროგრამაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ ფინანსური, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენით, რაც ჰორმუზის სრუტეს ენერგეტიკული რესურსების ფასებთან მიმართებით აქვს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.