თბილისში, დღეს, 1 ივლისს, ახალი სასტუმრო „ბიოგრაფი“ იხსნება. ორთაჭალაში მდებარე სასტუმროს ჯამური ინვესტიცია 18 მლნ ლარია. პროექტის ავტორი და მფლობელი სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფია“.
როგორც სასტუმროს მმართველმა პარტნიორმა შალვა ალავერდაშვილმა Forbes Georgia-ს განუცხადა, სასტუმროს პროექტის დაგეგმვა სამი წლის წინ, ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, შემდეგ კი, პანდემიის მიუხედავად, მისმა ავტორებმა იდეაზე უარი არ თქვეს და პროექტი ბოლომდე განახორციელეს.
„ეს არის დეველოპერული კომპანია, თუმცა, ჰორეკა-სექტორშიც შემოვიდა. პანდემიის პირობებში ეს არის გმირობა, რომ ამ ადამიანებმა არ გადაიფიქრეს და დაიჯერეს, რომ სასტუმრო ბიზნესსა და ზოგადად ტურიზმში არის მომავალი“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი სასტუმრო ძირითადად ტურისტულ ჯგუფებზეა გათვლილი, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. „კონტრაქტები გვაქვს ტურისტულ კომპანიებთან. ისრაელიდან, სპარსეთის ყურის რეგიონიდან ჯავშნები უკვე გვაქვს“, – აღნიშნა სასტუმროს მმართველმა პარტნიორმა.
სასტუმროს დიზაინი გამოირჩევა იმით, რომ ყოველ სართულს აქვს თავისი მისამართი. მაგალითად, ერთი სართულის მისამართია ორთაჭალა, მეორე სართულის გარეთუბანი, კალა და ა.შ.
„გარდა ამისა, ამ სასტუმროს სხვა სასტუმროებისგან განასხვავებს ის, რომ გვაქვს ორი სამზარეულო. მათგან ერთი აბსოლუტურად დამოუკიდებელი სამზარეულოა, სადაც ჩამოსულ სტუმრებს თავიანთი მზარეულის მოყვანა და მათთვის სასურველი კერძების დამზადება შეუძლიათ. ხშირად მქონდა შემთხვევა, როდესაც სტუმრები მეუბნებოდნენ, მზარეულის ჩამოყვანა გვინდა და შეგვიშვით თქვენს სამზარეულოშიო, რაც დისკომფორტს იწვევდა“, – ამბობს შალვა ალავერდაშვილი, რომელსაც ჰორეკა-სექტორში დიდი გამოცდილება აქვს.
112-ნომრიანი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო პირველ დამსვენებელს 4 ივლისს მიიღებს. სასტუმროში განთავსების ღირებულება 50 დოლარიდან იწყება და ფასი ნომრის ტიპის მიხედვით განისაზღვრება.