საქართველოში არსებული პანდემიის მეოთხე ტალღის, დამძიმებული ეპიდვითარებისა და ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო, THE Crossroads-ის დამფუძნებლებმა და საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღეს გადაწყვეტილება, გადადონ THE Crossroads-ის გახსნითი ღონისძიება.
საქართველოს მთავრობასთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან გავიარეთ კონსულტაციები და შევჯერდით შემდეგზე, სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გადავდოთ დაგეგმილი ღონისძიება. ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტია ღონისძიების ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილეების უსაფრთხოება.
ჩვენ ვრჩებით THE Crossroads-ის და საქართველოს ინტერესების ერთგულნი და გვჯერა, რომ აღნიშნული პლატფორმა ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს. THE Crossroads ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ბიზნეს იმიჯის და ცნობადობის შემდგომ გაუმჯობესებასა და სწორ პოზიციონირებას.
სხვადასხვა შესაძლო თარიღების და რეგიონის ბიზნეს ღონისძიებების კალენდრის განხილვის შემდგომ, THE Crossroads-ის გამხსნელი ღონისძიების გამართვა 2022 წლის 1-3 მაისს გადაწყდა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პერიოდი საუკეთესოა გაშუქებისა და იმ გავლენის მოსახდენად, რისთვისაც აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა.
THE Crossroads ჩვეული შემართებით და ტემპით აგრძელებს მუშაობას, რათა ფიზიკური თუ ონლაინ ღონისძიებების მეშვეობით ჩამოვაყალიბოთ გამორჩეული პროფესიონალების ქსელი და მოვიცვათ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი.