The Washington Post: ირანი რუსეთს დრონების წარმოებაში დაეხმარება

The Washington Post: ირანი რუსეთს დრონების წარმოებაში დაეხმარება

მოსკოვსა და თეირანს შორის, რუსეთის ტერიტორიაზე ასობით ირანული დრონის წარმოებისთვის, შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ამერიკის შეერთებული შტატებისა და უსაფრთხოების სხვა დასავლური სააგენტოების დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთისა და ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საბოლოო შეთანხმებას ნოემბრის დასაწყისში მიაღწიეს, წარმოების დაწყება კი უახლოეს თვეებში იგეგმება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ირანული წარმოების ასობით Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატი უკვე გამოიყენა. ირანულ დრონებს რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ფრენა, სამიზნე ზონის მონიშვნა და მის მიერ გადატანილი ასაფეთქებელი მასალით დაშვება შეუძლიათ.

ცნობისთვის, მოსკოვმა ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენება უარყო, ხოლო მიმდინარე თვის დასაწყისში ირანმა რუსეთისთვის დრონების მიწოდების ფაქტი აღიარა. Post-ის ინფორმაციით, ირანსა და რუსეთს შორის დრონებისთვის საჭირო კომპონენტების მიმოცვლა სწრაფად მიმდინარეობს, რაც ქვეყნებს, უახლოეს თვეებში, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების დაწყების საშუალებას მისცემს.

რუსი სამხედროები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის დრონებს აქტიურად იყენებენ უპილოტო თვითმფრინავების დამოუკიდებელი წარმოება კი, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ მსგავსი თავდასხმების გაძლიერებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ რუს და ირანელ ოფიციალურ პირებს შორის შეთანხმება 6 სექტემბერსაც შედგა, რომელიც რუსეთისთვის „მიწა-მიწა“-ტიპის რაკეტებისა და უფრო მეტი დრონის მიწოდებას ითვალისწინებდა.