1-ელ ივლისს, თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროსექტორული ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ვხვდებით ეკონომიკის მაკროეკონომიკურ მიმოხილვასა და მის მოსალოდნელ ზეგავლენას ბიზნესსექტორზე. საინტერესოა, რომ გასული თვის განმავლობაში ლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებდა. შესაბამისად, თიბისი კაპიტალის ანგარიშში ლარის გამყარების მიზეზებზეც არის საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, ლარის გამყარების უმთავრესი ფაქტორი გასულ წელთან შედარებით ექსპორტ/იმპორტის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდაა. ექსპორტის მაჩვენებელი 2020 წლის მაისთან შედარებით, წელს 45%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, მისი მაჩვენებელი დროის იმავე მონაკვეთთან მიმართებით 2021 წელს 40%-ით გაიზარდა. ექსპორტ/იმპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას, აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის მაისში, წლევანდელი პერიოდისგან განსხვავებით, პანდემია ჯერ კიდევ პირველი ტალღის შედეგებს ებრძოდა.
ლარის სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარების მეორე ყველაზე დიდი ფაქტორი ფულადი გზავნილების მოცულობის მატებაა. 2020 წლის მაისთან შედარებით, წელს ფულადი გზავნილები 42%-ითაა გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკისათვის ნებისმიერ პერიოდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკაც, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გამკაცრებულია. საქართველოს ეროვნული ბანკის უკანასკნელი, 23 ივნისის, გადაწყვეტილებით, საპროცენტო განაკვეთი 9.5%-ზე შენარჩუნდა.
დადებითი ტენდენციები შეინიშნება სავალუტო დაკრედიტებასა და ვალუტის კონვერტაციის მხრივაც. ეს ორი მაჩვენებელი უკანასკნელი თვეების განმავლობაში ზრდის ტემპს აჩვენებს. ეს კი შესაძლოა ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელსაც დავუკავშიროთ, რომელიც თავის მხრივ ლარის გამყარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პანდემიის წინააღმდეგ არსებული შეზღუდვების შერბილებამ გაზარდა ტურიზმის აღდგენის ტემპიც, რაც ეკონომიკისათვის დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ადამიანების მოლოდინები მკვეთრად უარყოფითიდან დადებითისაკენ შეიცვალა, რამაც ასევე იქონია გავლენა.