იპოთეკური სესხი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი საბანკო პროდუქტია, რასაც თიბისი კაპიტალის კვლევებიც ადასტურებს. იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის იპოთეკური სესხების მიღების პროცესი კიდევ უფრო გაემარტივებინა, თიბისიმ სრულიად ახალი, საქართველოში პირველი ციფრული არხი tbcmortgage.ge შექმნა. პლატფორმა რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა, რითიც თიბისიმ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა საბანკო ოპერაცია დისტანციურად, ერთ სივრცეში შეასრულოს.
რა მოლოდინი აქვს თიბისის ამ გადაწყვეტილებისგან და რა ტენდენციებს ხედავენ ბანკში, Forbes Georgia-ს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი ესაუბრა.
ბატონო თორნიკე, თიბისი ამბობს, რომ მისი სტრატეგია ციფრული სერვისების და პროდუქტების შეთავაზებით ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ამის საჭიროება დღის წესრიგში განსაკუთრებით პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე დადგა. რა ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით ბანკმა?
ცხოვრების გამარტივება მხოლოდ გაციფრულებაში არ მდგომარეობს, რომელიც რა თქმა უნდა, დღევანდელი რეალობის ხერხემალია, რადგან ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ციფრულ სივრცეში სერვისების ხელმისაწვდომობამ ბევრი რამ გახადა შესაძლებელი. თიბისისთვის მომხმარებლის ცხოვრების გამარტივება ძალიან ბევრ დეტალში გამოიხატება. სანამ მათ რაიმე ახალს შევთავაზებთ, მანამდე ჩვენს თანამშრომლებს ვუმარტივებთ ცხოვრებას. ამის შედეგია ის, რომ თიბისელების ე.წ ბედნიერების ინდექსი, რომლის გაზომვაც ბანკმა რამდენიმე წელია დაიწყო, კვარტლიდან კვარტლამდე საგრძნობლად იზრდება.
პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ გადავედით დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე, რამაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზარდა თანამშრომლების პროდუქტიულობა, ეს ჩვენთვისაც აღმოჩენა იყო. შედეგად, საკმაოდ ბევრი ახალი სერვისის და პროდუქტის შეთავაზება შევძელით მომხმარებლისთვის, მათ შორისაა იპოთეკური სესხის პროდუქტის გაციფრულებაც.
რატომ მაინც და მაინც იპოთეკური სესხების გამარტივებული არხი? რამ მოგცათ იმის ფიქრის საფუძველი, რომ ამ მიმართულებითაც იყო საჭირო სერვისის გაციფრულება?
ჩვენ წლის დასაწყისიდან ფაქტობრივად ყველა სერვისი ციფრულად გავხადეთ ხელმისაწვდომი, აღარ ვსაუბრობ ყოველდღიურ ტრანზაქციულ ოპერაციებზე. გავაციფრულეთ შედარებით დროში გაწერილი პროდუქტებიც, როგორებიცაა მაგალითად: სასესხო პროდუქტები, მათ შორის სწრაფი სამომხმარებლო სესხი, განვადება, და ახლა უკვე უფრო მნიშვნელოვანი პროდუქტი – იპოთეკური სესხიც.
როდესაც მომხმარებელი გეგმავს ახალი უძრავი ქონების, სახლის, ან თუნდაც აგარაკის შეძენას, ეს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გვინდოდა, მათთვის ეს პროცესი კიდევ უფრო კომფორტული და მარტივი გაგვეხადა.
დიდი დრო დავუთმეთ კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს პლატფორმა – რამდენ წუთში, რამდენ ოპერაციაში უნდა გამხდარიყო შესაძლებელი ამ მომსახურების მიღება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პლატფორმა ევროპაში და არამხოლოდ ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მოქნილია. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მოითხოვონ და დაიმტკიცონ იპოთეკური სესხი. ამისათვის მათ მხოლოდ ინტერნეტი და კომპიუტერი ან პლანშეტი სჭირდებათ.
თიბისიში ამბობთ, რომ პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის შესაძლებლობაც აქვს. გარდა ამისა, რა იქნება თიბისის იპოთეკური სესხის ახალი პლატფორმის უპირატესობა?
Tbcmortgage.ge იპოთეკური სესხების ერთადერთი ციფრული არხია ქვეყანაში, ბაზარზე სხვა მსგავსი შეთავაზება არ არსებობს. ჩვენთვის მთავარია სამომხმარებლო გამოცდილება. ვცდილობთ, მომსახურება იყოს სრულყოფილი, უფრო მარტივი, ნაკლები ბარიერებისგან შემდგარი და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.
მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ივლისის თვეში აამოქმედა. რა ტენდენციები გამოიკვეთა თიბისიში ამ კუთხით მას შემდეგ?
დღეს ფაქტობრივად შეგვიძლია ფაქტებზე და ციფრებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ეს პროგრამა წარმატებულია. ამ ინიციატივის განხილვა სექტორთან ერთად მიმდინარეობდა და პირადად მეც ვიყავი განხილვებში ჩართული. აგვისტოს თვეში 35 მლნ ლარის ოდენობის სესხი გაიცა მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში. ეს ჩვენ მიერ აგვისტოში გაცემული იპოთეკური სესხების 37%-ია. ინიციატივა ერთდროულად მასტიმულირებელი ფაქტორია ეკონომიკისთვის, ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის და ეხმარება დეველოპერს, ბანკი ამ პროცესში თავის როლს ასრულებს.
საინტერესოა ასევე რა წილს შეადგენს იპოთეკური სესხები თიბისის სესხების საერთო პორტფელში?
ბანკის სასესხო პორტფელში საცალო მიმართულებაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენს პორტფელში იპოთეკური სესხები საკმაოდ დიდ წილს შეადგენს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 63-64%-ია. ბაზრის წილიდან გამომდინარე თუ ვისაუბრებთ, დაახლოებით 44%-მდეა თიბისის პორტფელი ამ კუთხით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საკმაოდ მოქნილი და საინტერესო სერვისი აქვს ბანკს. ადამიანები თავიანთ ბანკად ძირითადად ხომ იმ ფინანსურ ინსიტუტს აღიქვამენ, რომელშიც მათ იპოთეკური სესხი აქვთ. ამიტომაც ეს მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენთვის.
თქვენ ცოტა ხნის წინ პერსონალური საბანკო მომსახურების რებრენდინგი განახორციელეთ და მომხმარებელს შესთავაზეთ თიბისი კონცეპტი, რაც არაერთ უპირატესობას მოიცავს. ამ პროდუქტზეც რომ მოგვიყვეთ…
ცვლილებები გარდაუვალია და რაღაც პერიოდულობით აუცილებელიც. ვეცადეთ, ამ შეთავაზების ხერხემალი აგვეგო მთავარ პრინციპზე, რომ დრო თითოეული ადამიანისთვის ძალიან ძვირფასია. კონცეპტი ფაქტობრივად ერთი მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანებმა დაზოგონ დრო და ყოველდღიური პროცესები მარტივად წარმართონ. მეორე მხრივ, ის აერთიანებს მრავალფეროვან შეთავაზებებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. ცვლილებებს რებრენდინგი დავარქვით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს ახლებური შეთავაზებაა მომხმარებლებისთვის, მიიღონ ახალი ინფორმაცია, დაესწრონ ლექციებსა და მასტერკლასებს და ა.შ.
აქვე მინდა დავაანონსო, ძალიან მალე ვგეგმავთ ახალი სივრცის გახსნას სპეციალურად კონცეპტის მომხმარებლებისთვის. ეს იქნება პირველი სივრცე, რომელსაც ანალოგი არ ექნება ქვეყანაში და რომელიც განთავსდება ჩვენს სათაო ოფისში, მარჯანიშვილზე. კონცეპტის მომხმარებლებს შეეძლებათ შეკრება, ლექციებზე დასწრება, მუშაობა საერთო სამუშაო სივრცეში, მოწეყობა გამოფენები და ა.შ. ეს იქნება მრავალფეროვანი და უამრავი კომპონენტით დატვირთული ადგილი, რომელიც უახლოეს ერთ თვეში გაიხსნება.
და ბოლოს, რა მოლოდინი და გეგმები გაქვთ tbcmortgage.ge-სთან დაკავშირებით?
მოლოდინი გვაქვს, რომ მომხმარებლები აქტიურად ისარგებლებენ ახალი არხით. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ მომხმარებლების 100% გამოიყენებს ამ პლატფორმას. იმედი გვაქვს, რომ ბანკიდან იპოთეკური სესხების საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ ვებგვერდის საშუალებით გაიცემა.
ასევე, უახლოეს მომავალში tbcmortgage.ge-ის ინტეგრაცია იგეგმება სხვადასხვა ეკოსისტემასთან, დეველოპერთან, უძრავი ქონების პლატფორმასთან და ა.შ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს უძრავი ქონების შეძენის პროცესს. მსგავსი პროდუქტების დახმარებით, მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ ბევრი გადაადგილება, დოკუმენტების ტარება. Tbcmortgage.ge-ზე ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, დისტანციურად ხდება.