უკვე მეოთხე წელია, Toyota წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის ტიტულს ინარჩუნებს. 2023 წელს იაპონურმა ავტოგიგანტმა ჯამში 11.2 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა. გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 7.2%-ით გაიზარდა, რაც Toyota Motor Group-ის ყველა შვილობილი მწარმოებლის გაყიდვებსაც აერთიანებს. გაყიდული 11.2 მილიონი ავტომობილიდან საზღვარგარეთ 8.9 მილიონი ერთეული გაიყიდა.
2023 წლის მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელი გერმანული Volkswagen-ი გახდა. გერმანულმა ავტოგიგანტმა პანდემიამდელი შედეგების გამეორება შეძლო და გასულ წელს მომხმარებლებს 9.2 მილიონი ავტომობილი მიაწოდა. წლიურმა ზრდამ კი Volkswagen-ისათვის 12% შეადგინა.
საინტერესოა, რომ Toyota-ს მიერ გაყიდული ავტომობილების 1/3 ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავეა. ელექტრომობილების წილი კი მთლიან გაყიდვებში 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. ელექტრომობილები Toyota-სთვის დღემდე გამოწვევად რჩება. ყველაზე გაყიდვადი ბრენდი ელექტრომობილების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი მწარმოებელია. საკუთარი პირველი სრულად ელექტროავტომობილიც კი Toyota-მ სულ რამდენიმე თვის წინ წარადგინა.