ტრადიციული მასპინძელი

ტრადიციული მასპინძელი

კახური ტრადიციული მეღვინეობა წარმატებული ისტორიის მეჩვიდმეტე წელს ითვლის, ქვეყნის უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულში საპატიო ადგილს იკავებს და ბაზარზე 7,500,000-ლარიანი ინვესტიციითა და ნაცნობი მიზნით, თუმცა ახალი საქმით შემოდის.

ქართული ღვინის გზას ამჯერად კახეთის შუაგულში, სოფელ ახაშენამდე მივყავართ. “ახაშენი ღვინის კურორტი” (Akhasheni wine resort) – ასე ჰქვია სასტუმროს, რომელმაც პირველი სტუმარი 25 მარტს მიიღო. მასპინძელი კარგად ნაცნობი KTW ჯგუფია, რაც იმის მაუწყებელია, რომ უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულში მყოფი ქართული ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი კომპანია – კახური ტრადიციული მეღვინეობა – ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით ამჯერად ჰოსპიტალიტი ბიზნესს იწყებს.

“ემოციური პროექტები არასდროს მაინტერესებდა და არც ახლა მაინტერესებს”, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე, რომელმაც “კახური ტრადიციული მეღვინეობა” 2001 წელს, მას შემდეგ დააფუძნა, რაც კომპანია “ასკანელი ძმების” გენერალური დირექტორის პორტფელი ძმებს გადააბარა და ახალი საქმე 5,000 დოლარით დამოუკიდებლად დაიწყო. ამბობს, რომ ბიზნესი წლების წინ უფრო ნდობაზე დააფუძნა, ვიდრე კაპიტალზე, თუმცა წლების შემდეგ ნდობაც მეტი მოიპოვა და კაპიტალიც.

KTW ჯგუფმა უკრაინის ბაზრით და ერთი კონტეინერით დაიწყო, დღეს კი ევროპულ ბაზარზე გატანილ 12 მილიონ ერთეულ ბოთლ ღვინოს ითვლის და საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების ათეულში საპატიო ადგილს იკავებს.

როგორც ჩანს, წარმატებებმა გაბედულებაც მოიტანა და ახალ მიმართულებებში თამამი ნაბიჯებიც მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ტურიზმი ჯგუფის პროფილური და კომპლექსური ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდა, მოთხოვნებიც შეიცვალა. “ველისციხის ვერანდა” მასპინძლობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – ღვინის გზის ტურიზმის განვითარებას რაღაც უფრო მნიშვნელოვანი აკლდა – სასტუმრო ვიზიტორებისთვის. ორწლიანი ფიქრისა და ერთწლიანი მოქმედების შედეგი – დღეს უკვე ოფიციალურად გახსნილი სასტუმრო – Akhasheni Wine Resort-ია.

“ეს იყო გაბედული ნაბიჯი. გამოუცდელ ბიზნესში ემოციური შესვლა არ მიყვარს, კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს ჩვენი პირველი სასტუმროა და აუცილებლად წარმატებული უნდა იყოს”, – ამბობს ჩემი მასპინძელი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ყველა დეტალში, განსაკუთრებით კი სასტუმროს ადგილმდებარეობის შერჩევაში პირადად იყო ჩართული.

ადგილი ახალი სასტუმროსთვის, “ახაშენისთვის” ბევრი დადებითი მახასიათებლის გამო შეირჩა. პირველი და მთავარი ლოკაცია იყო – კახეთის შუაგული. მეორე და ისიც მთავარი – გარემო და ხედი: ვენახი და კავკასიონი.

ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულ ვენახებს შორის ორი ორსართულიანი შენობა დგას, რომლებიც ერთმანეთს სპეციალური ხიდით, როგორც შინაურულად ეძახიან, ფილარმონიით უკავშირდება. 39 სტანდარტული და ორი შშმ პირებზე მორგებული ნომრით, ორი საკონფერენციო დარბაზით, რესტორნებითა თუ სხვა დასასვენებელი სივრცეებით ახაშენის ახალი სასტუმრო 3000 კვადრატულ მეტრ სივრცეს მოიცავს.

ეზო ცალკე სანახაობაა. რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აუზით, ხედებით – ვენახებითა და, რაღა თქმა უნდა, კავკასიონის ფერდობებით.

სწორი ადგილი და სწორად შერჩეული დრო – პირველი ეტაპი გავლილია, ახლა სასტუმროს მესვეურების წინ მთავარი გამოწვევა ელით: სწორი შეთავაზება და მომსახურების ხარისხი, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამაზე დასაწყისშივე იზრუნეს.

კახეთი არც უცხოელი ტურისტების ნაკლებობას უჩივის და არც შიდა ტურისტულ დინებებს, არც სასტუმროების სიმრავლით ჩამოუვარდება რომელიმე რეგიონს, მაგრამ ახაშენის ღვინის კურორტს ახალი სტანდარტები აქვს: სასიამოვნო გარემოსა და კომფორტთან ერთად მისი სავიზიტო ბარათი უსაფრთხოება იქნება.

ახლის შენება ახალი რეგულაციების დაცვით დაიწყეს. იმის მიუხედავად, რომ სასტუმრო ისედაც მთის ფერდობზეა და ვიზიტორებს სუფთა ჰაერით ხვდება, სასტუმროს მესვეურებმა გარემოზე მაინც იზრუნეს.

პირველი, რაც KTW ჯგუფმა გადაწყვიტა, სასტუმროში ბუნებრივი აირის გამოყენებაზე უარის თქმა იყო. ტერიტორია უახლესი ევროპული ტექნოლოგიით აღჭურეს და სასტუმროს მომარაგება ახლა 99 პროცენტით მზის ენერგიით ხდება. დამონტაჟდა გათბობისა და გაგრილების თანამედროვე სისტემა, ენერგოეფექტიანი მინაპარკეტითა და კედლებით. იმის მიუხედავად, რომ სასტუმროში ყველა ნივთი არააალებადია, თავად კომპლექსი ხანძარსაწინააღმდეგო უახლესი ტექნიკით აღიჭურვა – ჭკვიანი თვალი და ჭკვიანი ტვინი აქ ყველგანაა.

“მგონი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ვიზიტორმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოს”, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე, რომელიც იხსენებს, რომ პროცესმა საკმაოდ მოხიბლა. თავდაპირველად ჩაფიქრებულ 3 მილიონს 4 დაუმატა და ახლა ჯამში 7 500 000 ლარის მოცულობის ინვესტიციას ითვლის. თუმცა KTW ჯგუფი უკვე დიდი ხანია, მასშტაბურ პროექტებში მარტო აღარ არის – როგორც მუდმივი და სტაბილური პარტნიორი საქმეში, აქაც “საქართველოს ბანკია”, რომელმაც პროექტისთვის 2,3 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხი გამოყო, საიდანაც 0,8 მილიონი სახელმწიფო პროგრამა “უმასპინძლე საქართველოში”-ს ფარგლებში გაიცა. “Akhasheni Wine Resort – ეს არის ახალი სიტყვა ქართული ტურიზმის სფეროში – განსხვავებული ტიპის სასტუმრო, ღვინის თემასთან ინტეგრირებული… სრულიად ახალი მიმართულებაა”, – ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ხოდელი.

“საქართველოს ბანკს” და KTW ჯგუფს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა, ათამდე ერთობლივი პროექტი და ჯამურად 40-მილიონიანი ფინანსური თანამშრომლობა აკავშირებთ, რომელიც სათავეს 2014 წლიდან იღებს, როცა ბანკმა კომპანიას ველისციხეში, ქედასა და ასკანაში ახალი ღვინის საწარმოების ასაშენებლად სამი აგროკრედიტი დაუმტკიცა. იმავე წელს, რთველის პერიოდში, კომპანიამ ბანკისგან 3,7 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო და ყურძნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი გახდა. “საქართველოს ბანკმა” დააფინანსა აგროკრედიტით ხილის გადამმუშავებელი ორი ახალი საწარმო ქედასა და ჩოხატაურშიც.

“თითოეულ პროექტზე ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, რის შედეგადაც ხდება გამოცდილებისა და ცოდნის ღიად გაზიარება. შედეგად ვაღწევთ იმას, რომ დროულად აღმოვაჩენთ შესაძლებლობებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ორმხრივი რესურსი, იმისათვის, რომ ყველა ის პროექტი, რომელთაც ერთობლივად ვახორციელებთ, წარმატებული იყოს”, – ამბობს ვასილ ხოდელი.

KTW ჯგუფის პროექტები რომ მხოლოდ მესვეურების სურვილებსა და ემოციებს არ ეყრდნობა, ამას პარტნიორი ბანკიც ადასტურებს და კომპანიის სტაბილურობაც. შესაბამისად, მფლობელებს არც სითამამე აკლიათ და მომავლის გეგმებიც გაბედული და საინტერესო აქვთ. შესაძლოა, სულ მალე კახური ტრადიციული მეღვინეობა სასტუმროების ქსელური მიმწოდებელიც კი გახდეს. ოზურგეთში ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს, სადაც ძველი, კუთვნილი შენობის სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ახაშენის სასტუმროს 200-კაციანი “შემოქმედებითი ჯგუფი” უკვე იქ წასასვლელად ემზადება. მომდევნო გეგმა მაღალმთიანი აჭარაა.

“ჩვენ წელს გამოცდილებას დავაგროვებთ, რაც გვაქვს, გავუფრთხილდებით და რაც არ გვაქვს, იმას შევიძენთ. ინვესტირებას არაფერი უდგას წინ, მერე სჭირდება ბიზნესს მოვლა და განვითარება”, – მეუბნება ტრადიციული მასპინძელი, რომელსაც ეტყობა, რომ ციფრები კი, მაგრამ მათზე ღიად საუბარი არ უყვარს. კომპანიის ფინანსურ ბრუნვას არ ამხელს, თუმცა გასული წლის შედეგზე – ევროპულ ბაზარზე გატანილ 12 მილიონ ერთეულ ღვინის ბოთლსა და ექსპორტისგან ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ვალუტაზე სიამაყით მიყვება.

ვიზიტორებს ახაშენის სასტუმროში 45 ადამიანი უმასპინძლებს. ეს KTW ჯგუფის დიდი ოჯახის მხოლოდ ნაწილია. კახური ტრადიციული მეღვინეობა, მხოლოდ ველისციხე-ახაშენში 250-მდე დასაქმებულს აერთიანებს, გარე კონტრაქტორების რაოდენობა 1,500 ადამიანს აღწევს, რთველის დროს კი მათი დათვლა საკმაოდ რთულდება – როგორც ჩანს, ამ კომპანიაში ციფრები ყოველდღიურად ცვალებადი და მზარდია.