ტრამპი მზადაა, უკრაინისთვის მისაწოდებლად აშშ-ში წარმოებული იარაღი ევროპას მიჰყიდოს

ტრამპი მზადაა, უკრაინისთვის მისაწოდებლად აშშ-ში წარმოებული იარაღი ევროპას მიჰყიდოს

პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, ევროპას, უკრაინისთვის მისაწოდებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული იარაღი მიჰყიდოს. ეს ნაბიჯი, პოტენციურად, უკრაინას საშუალებას მისცემს, გამოიყენოს ამერიკული იარაღი მაშინაც კი, თუ აშშ კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერას შეწყვეტს, რადგან ტრამპი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებას ცდილობს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მისი მმართველობის პერიოდში, უკრაინის უსაფრთხოებისთვის ათობით მილიარდის დახმარება დაამტკიცა. ადმინისტრაციაში ყოფნის ბოლო თვეებში ბაიდენმა ომში მყოფი ქვეყნისთვის თანხების მიწოდებაც დააჩქარა. ტრამპი, რომელიც, ერთი მხრივ, სამწლიანი ომის დასრულებაზე საუბრობს, ასევე ცდილობს ევროპა აიძულოს, მეტი წვლილი შეიტანოს როგორც თავისი თავის, ასევე უკრაინის თავდაცვაში.

მას შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა განსხვავებული პროგნოზები გააკეთეს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ კიევი ერთ-ერთი ჩართული მხარე იქნება. თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმა აშშ-ის პრეზიდენტმა „ჩართულობაში“, უცნობია.

ამასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციამ დასავლელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ ის ემხრობა მათი მხრიდან ამერიკული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შეძენას ნატოს ალიანსის შესანარჩუნებლად. უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, ტრამპის გუნდმა ევროპას ამერიკული ენერგიის შესყიდვის გაზრდაც შესთავაზა.