წელს ქვანახშირზე გლობალური მოთხოვნა ისტორიულ მაქსიმუმზეა

წელს ქვანახშირზე გლობალური მოთხოვნა ისტორიულ მაქსიმუმზეა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, ქვანახშირზე გლობალური მოთხოვნა წელს 8.54 მილიარდ ტონამდე გაიზარდა, რაც 1.4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. გლობალური მოთხოვნის ზრდა ძირითადად ინდოეთსა და ჩინეთში ქვანახშირის მოხმარების 8% და 5%-ით ზრდას უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის ბოლოსთვის ქვანახშირის მოხმარება ყველაზე მეტად, 20%-ით აშშ-სა და ევროკავშირში შემცირდება. მოხმარება შემცირდება კიდევ რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოში: იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, კანადასა და ავსტრალიაშიც, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც აშშ-სა და ევროკავშირში.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, ქვანახშირის მოხმარება 2024 წელს შემცირდება, 2026 წლისთვის კი დასტაბილურდება. ანგარიშის თანახმად, ჩინეთში, ქვანახშირის ყველაზე მსხვილ მომხმარებელში, მწარმოებელსა და იმპორტიორ ქვეყანაში, წიაღისეული საწვავის მოხმარება მომდევნო წლისთვის შემცირდება. ეს კი იმის „დამსახურებაა“, რომ ქვეყანა წიაღისეულ საწვავს მაშინ იყენებს, როდესაც სეზონური მიზეზებით ქვეყანაში ჰიდროელექტრორესურსების დეფიციტია.

ჩინეთისაგან განსხვავებით, სადაც ჰიდრორესურსები აღდგენის პროცესშია, ქვანახშირის მოხმარება გაიზრდება ინდოეთში და სხვა განვითარებად, მძიმეინდუსტრიულ ქვეყნებში.

შეგახსენებთ, რომ ქვანახშირი ენერგოწარმოების ყველაზე დიდი წყაროა. ის განსაკუთრებით აქტიურად ისეთ ინდუსტრიებში გამოიყენება, როგორიცაა ფოლადისა და ცემენტის წარმოება. შესაბამისად, გამონაბოლქვისა და ემისიების ყველაზე დიდი წილიც სწორედ ქვანახშირის მოხმარებაზე მოდის.