2018 წლის დასაწყისიდან საქართველოში 18 ახალი სასტუმრო გაიხსნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ჯამში ქვეყანას 1624 საწოლი ადგილი და 812 სასტუმრო ნომერი შეემატა.
18 ახალი სასტუმროდან 7 ბრენდულია. მათგან ყველაზე მსხვილი კი სასტუმრო STAMBA-ა, რომელსაც 205 სასტუმრო ნომერი და 400 საწოლი ადგილი აქვს. მას მოსდევს Ramada Encore Tbilisi, რომელსაც 152 ნომერი და ჯამში 250 საწოლი ადგილი აქვს. 130 სასტუმრო ნომერი გააერთიანა სასტუმრო Moxy-მ, რომელიც ასევე თბილისში გაიხსნა და რომელიც 260 საწოლ ადგილს მოიცავს. კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო, რომელიც თბილისში გაიხსნა Timber Boutique Hotel-ია, რომელშიც 18 ნომერია გაერთიანებული. რაც შეეხება რეგიონებს, ყაზბეგში 33 ნომერიანი Hotel Porta Caucasia Kazbegi გაიხსნა, კახეთში Akhasheni Wine Resort, რომელშიც 41 სასტუმრო ნომერია, ასევე გაფართოვდა სასტუმრო Ambassadori Kachreti (120 სასტუმრო ნომერი).
წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი სასტუმრო ნომერი (505) თბილისს დაემატა, მას მოსდევს კახეთი 155 სასტუმრო ნომრით და სამცხე ჯავახეთი 54 სასტუმრო ნომრით.
რაც შეეხება მშენებარე სასტუმროები რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმროს მშენებლობაც თბილისშია დაგეგმილი.
საქართველოში ჯამში 2196 განთავსების ობიექტია. აქედან 827 სასტუმროა, 811 საოჯახო სასტუმრო, 398 სასტუმრო ტიპის სახლი, 160 კი სხვა ტიპის დაწესებულება.
2018-2019 წლებში საქართველოში 219 სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ქვეყანას 12 748 სასტუმრო ნომერი უნდა დაემატოს.
მათ შორის ყველაზე მეტ სასტუმრო ნომერს ბათუმის TWIN Tower გააერთიანებს (350 ოთახი), რომლის გახსნაც 2018 წელსაა დაგეგმილი. ასევე მიმდინარე წელს იგეგმება თბილისში 200 ნომრიანი Radisson Park Inn-ის გახსნა და 165 ნომრიანი Hilton garden Inn-ის გახსნა.