ყოველწლიურად ევროპას დაახლოებით 500 მილიონი ვიზიტორი ჰყავს, თუმცა არის გარკვეული ქვეყნები, რომლებიც ტურისტებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანალიტიკურმა და საკონსულტაციო კომპანია GlobalData-მ ევროპის ის ორი ქვეყანა დაასახელა, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად ჩადიან.
როგორც რეიტინგიდან ირკვევა, წლების განმავლობაში ლიდერი საფრანგეთი კვლავ იბრუნებს მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქვეყნის სტატუსს. GlobalData-ს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიამდე, ტურისტებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ საფრანგეთი სარგებლობდა, რომელსაც მხოლოდ 2019 წელს 88.1 მილიონი ვიზიტორი ეწვია. 2021 წელს საფრანგეთს პირველობა ესპანეთმა წაართვა, თუმცა 2022 წელს, 66.6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორით, საფრანგეთმა ლიდერის პოზიციის დაბრუნება შეძლო.
GlobalData-ს მოგზაურობისა და ტურიზმის ანალიტიკოს ჰანა ფრის განცხადებით, იტალიასა და ესპანეთთან ერთად, საფრანგეთი დასავლეთ ევროპის ზრდის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. ქვეყანა არა მხოლოდ ევროპელ მოგზაურებშია პოპულარული, არამედ იქ ხშირად ჩადიან ვიზიტორები ისეთი ქვეყნებიდანაც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთია. GlobalData-ს ვარაუდით, საფრანგეთში საერთაშორისო ჩასვლები 2022-2025 წლების პერიოდში წლიური ტემპით 12.1%-ით გაიზრდება და 2025 წლისთვის 93.7 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს გაუტოლდება.
GlobalData-ს თანახმად, ტურისტებში საფრანგეთის პოპულარობას დიდწილად მისი სატრანსპორტო სისტემა განაპირობებს. დიდ ქალაქებს შორის მოგზაურობას მაღალსიჩქარიანი მატარებელი, საფრანგეთიდან ევროპის სხვა ქალაქებში მოგზაურობას საქალაქთაშორისო და ღამის მატარებლები ამარტივებს.
ქვეყნების რეიტინგში, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ, საფრანგეთს მეორე ადგილით ესპანეთი მოჰყვება. მიუხედავად პანდემიის დროს თითქმის ყველა ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრი ვარდნისა, ესპანეთმა 2021 წელს მოახერხა საფრანგეთის ჩამოტოვება და 26.3 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. GlobalData-ს პროგნოზით, 2025 წლისთვის, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი ესპანეთში 89.5 მილიონამდე გაიზრდება.