ცნობილ სოციალურ მედიაპლატფორმა Twitter-ს 2021 წელს შესანიშნავი შედეგები აქვს. ხუთშაბათს კომპანიის მეორე კვარტალის მონაცემები გამოქვეყნდა, სადაც Twitter-ი კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჯობნის. 2021 წელს კომპანიის აქციათა ფასები უკვე 30%-ით გაიზარდა, რაც მეტია Facebook-ისა და Snap-ის მაჩვენებლებზე.
კომპანიამ 2021 წლის მეორე ნახევარში 1.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის იმავე პერიოდისაზე 74%-ით მეტია. რაც შეეხება მოგებას, მან 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის $1.4-მილიარდიანი ზარალის შემდეგ ნამდვილად შესანიშნავი მაჩვენებელია.
თუმცა კომპანიის წინაშე მაინც მრავალი გამოწვევა რჩება. მაგალითად, შარშან Twitter-მა ახალი ფუნქციის მქონე ტვიტები დაამატა, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ქრებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფუნქციამ მომხმარებლთა დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა და აგვისტოდან ის აღარ იქნება ხელმისაწვდომი. სოციალურ მედიაში Twitter-ს აღნიშნული ფუნქციის Snapchat-ისაგან გადმოკოპირებაში ადანაშაულებდნენ.
გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხისა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, დაბლოკვაც. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ კომპანიამ დონალდ ტრამპს პირადი ანგარიში დაუბლოკა. ამის გამო, მომხმარებლებში სულ უფრო აქტიურად ჩნდება განცდა, რომ Twitter-ი რესპუბლიკელთა საწინააღმდეგო პლატფორმაა. ეს კი დისკრიმინაციაზე საუბრის შესაძლებლობას აჩენს.
შესაბამისად, კომპანიას, აქციათა ფასების ზრდის მიუხედავად, მაინც უამრავი პრობლემა აქვს, რომელთა აღმოსაფხვრელადაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.