ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას მიერ გავრცელებული განცხადებით, უკრაინას მოდერნიზებული T-72 ტიპის ტანკები და Treva-30 ტიპის საევაკუაციო მანქანები გადაეცემა. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი Excalibur Army-ის ქარხანას ეწვია, სადაც უკრაინისათვის გადასაცემად შეჯავშნილი სამხედრო ტექნიკის აღდგენა და მოდერნიზება მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა ჩეხეთისაგან 90 ერთეულ T-72B ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს მიიღებს. მათი აღდგენისათვის საჭირო 90 მილიონ აშშ დოლარს კი ნიდერლანდები და აშშ დაფარავს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამხედრო თანამშრომლობა ყველას მიზანს ემსახურება. ნატოს მიერ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა გლობალურ უსაფრთხოებასაც გაზრდის. უკრაინაში გასაგზავნი ერთ-ერთი ტანკის ლულაზე პეტრ ფიალამ წარწერაც დატოვა: „უკრაინის მამაც დამცველებს“.
ცნობისათვის, T-72B ტიპის ტანკების შერემონტება და უკრაინისათვის გადაცემა ჩეხეთის რესპუბლიკას, ნიდერლანდებსა და უკრაინას შორის არსებული სამმხრივი კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია.