აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა უსაფრთხოების გასაძლიერებლად დახმარების სახით დამატებით 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიიღებს. საინტერესოა, რომ დახმარების ახალ პაკეტში Guardian ტიპის ჯავშანმანქანებიც შედის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აღნიშნული დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზაობას პარტნიორობა გაუწიოს უკრაინას თავდაცვის სფეროში. ახალი დახმარების პაკეტი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 250 ერთეული M1117 Guardian ტიპის ჯავშანმანქანის უკრაინისათვის გადაცემას ითვალისწინებს.
ცნობისათვის, Guardian-ები Textron Marine & Land Systems-ის მიერ წარმოებული მსუბუქად შეჯავშნილი ტრანსპორტია, რომელიც მცირე ზომის იარაღისა და ფრაგმენტებისაგან მგზავრების დაცვას უზრუნველყოფს.
აღნიშნული ჯავშანმანქანა აშშ-მა შეიარაღებაში 1999 წელს მიიღო და მისი შესაძლებლობები ავღანეთსა და ერაყში გამოიცადა.