უზარმაზარი გუნდა

უზარმაზარი გუნდა

Snowflake-ის საჯარო დებიუტმა ათნიშნა ქონებათა ქარბუქი წამოიღო.

[MAINPICTURE]

როცა 16 სექტემბერს Snowflake-მა, პროგრამული უზრუნველყოფის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება გაჩარხა, შედეგად სამი ახალი მილიარდერი მივიღეთ, მათ შორის – აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ სლუტმენი (ზემოთ). დიდ კომპანიებს, მათ რიცხვში, Adobe-ს, Lionsgate-სა და Sony-ს უყვართ Snowflake-ის cloud-პლატფორმა, რომელიც მათ ეხმარება, კომპანიის შიდა ზღვა მონაცემი განკარგონ სხვადასხვა აპლიკაციასა და პროგრამაში, პარალელურად კი საშუალებას აძლევს, ეს მონაცემები ბიზნესპარტნიორებს ყოვლად უსაფრთხოდ გაუზიარონ.

Snowflake-ის ფანების რიგებში Berkshire Hathaway-სა და Salesforce-ს ნახავთ. ორივე ფლობს კომპანიაში მსხვილ წილებს. „დღეს ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ არავის უნდოდა გამყიდველის როლში ყოფნა, ვინაიდან წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა“, – თქვა 62 წლის სლუტმენმა ვაჭრობის პირველ დღეს, როცა აქციათა შეთავაზებული ფასი, – $120 – სულ მცირე, გაორმაგდა და $253.93-ად იქცა.

თუმცა ერთი პრობლემაცაა. ეს სან- მატეოში (კალიფორნია) დაფუძნებული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ საჯარო ბაზარზე გასვლიდან ერთ დღეში $70 მილიარდზე მეტი შეადგინა, იმ კოვიდ- გამძლე ტექნოლოგიურ კომპანიებს განეკუთვნება (მათ შორის არიან, მაგალითად, Asana და Palantir-ი), რომლებიც ამ შემოდგომას გავიდნენ საჯარო ბაზარზე და ინვესტორის მოთხოვნაზე გააკეთეს კაპიტალიზება, რამაც, თავის მხრივ, ტექნოლოგიურად დახუნძლული Nasdaq 100 24%-ით გაბერა მიმდინარე წელს, მაშინ როცა S&P 500, ფაქტობრივად, ერთ ადგილას დგას.

აღმასრულებელი დირექტორი სლუტმენი Snowflake-ით მოხეირე ერთადერთი პირი როდია. ყველაზე დიდი მოგებული თანადამფუძნებელი და პროდუქტთა პრეზიდენტი ბენუა დეჯვილია ($1.8 მილიარდი), რომელმაც Snowflake-ი 2012 წელს ტიერი ქრუანთან, კომპანიის ტექნოლოგიურ დირექტორთან, ერთად წამოიწყო. ფეთქებადმა პირველადმა საჯარო შეთავაზებამ მილიარდერად ის კაციც აქცია, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის რანგში სლუტმენმა 2019 წელს ჩაანაცვლა. Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი რობერტ მაგლია ($1.3 მილიარდი) გვყავს მხედველობაში.

სლუტმენი აღიარებს, რომ ასეთმა წარმატებამ კომპანიის დამფუძნებლებს მადა შესაძლოა, მცირედად დაუცხროს, თუმცა „Snoflake-ის მეორე ვერსია“ მათ არაერთ ზამთარს საქმეებში გაატარებინებს. „მათ ის უნდა შექმნან, – ამბობს სლუტმენი. – მე კი უნდა გავყიდო“.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.