ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ვალერი ჩეხერია ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მიმართულებით იმუშავებს. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ის მთავარი კონსულტანტი და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი მინისტრ ნათია თურნავას კონსულტანტადაც დაინიშნა. ჩეხერიას ამ პოზიციის დაკავება სწორედ მაშინ მოუწია, როდესაც პანდემიის კრიზისის შედეგად დაზარალებული ეკონომიკა ტურიზმის აღდგენას ელოდება. როგორც მინისტრის კონსულტანტმა აღნიშნა, მისთვის საინტერესო გამოწვევაა, დღეს აიღოს ეს პასუხისმგებლობა და კონსულტაციები გაუწიოს მინისტრს ტურიზმის მიმართულებით.
„მე უშუალოდ მინისტრთან მექნება რეკომენდაციები, რომელსაც, რასაკვირველია, ტურიზმის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ“, – განაცხადა ვალერი ჩეხერიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.
როგორც ის აღნიშნავს, სწორედ მას ეხება ყველა ის ინოვაცია და სიახლე, რომლითაც პოსტპანდემიური ტურიზმი უნდა აღდგეს. „ტურიზმის ნაწილში მთელ მსოფლიოს სტარტი ერთი გვაქვს და გვინდა, პირველები ვიყოთ. ამასთან, ვიცით, როგორ ვიყოთ პირველები. მე ამ სფეროდან მოვდივარ და კერძო სექტორიდან ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში აქტიურად ვიყავი ჩართული“, – განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
მისივე თქმით, მინისტრისა და მისი რჩევით ტურიზმის აღსადგენად პირველი გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. კერძოდ, საუბარია 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნაზე. „პირველ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შედგა, პანდემიის გათვალისწინებით სახმელეთო საზღვრების გახსნაზე იყო საუბარი და შედეგებმაც არ დააყოვნა“, – აღნიშნა თურნავას კონსულტანტმა.
ჩეხერია ასევე ამბობს, რომ „კერძო სექტორის დახმარებით იმ ბუმის და ჟრიამულის დაყენებას შევძლებთ, რაც ტურიზმში იყო“.
თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ეს? როგორია მისი ხედვა? ვალერი ჩეხერიას თქმით, მთელი ფოკუსი მაქსიმალურად სწრაფ ვაქცინაციაზე უნდა გაკეთდეს, თუმცა არის ნაბიჯები, რომლებიც პანდემიასთან ერთად უნდა გადაიდგას შიდა თუ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ადამიანები მოგზაურობისთვის არიან მომართულნი. დიდი არაფერი უდგას წინ იმას, რომ ევროპელები, ამერიკელები და ტურისტები იმ ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუნდაც ისრაელი და მეზობელი ქვეყნები რომ ავიღოთ, შემოვიყვანოთ. ფოკუსირება იქნება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატია იყოს და ჩავჯდეთ მსოფლიო სტანდარტებში. ყველა აეროპორტში ერთი და იგივე წესი უნდა არსებობდეს. როდესაც ტურისტი მოგზაურობს, არ შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წესი დაუდგინო. ამიტომ უნდა ჩავჯდეთ სტანდარტებში“, – ამბობს ჩეხერია და აღნიშნავს, რომ ამ პროცესში UNWTO-ს გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის დახმარება მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ქვეყანა და ვაჩვენოთ, რომ გვაქვს ძალიან კარგი მთა, ზღვა, და თუნდაც შესაძლებლობა, რომ ტურისტები საკონფერენციო ნაწილშიც მივიღოთ.
ამასთან, ვალერი ჩეხერია მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვასა და, შესაბამისად, ახალი ბაზრების ათვისებას პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს: „დიდ ფოკუსს გავაკეთებ ევროპულ ტურიზმზე. მაქსიმალურად შევეცდები, ამერიკულ ტურიზმზეც გავაკეთო აქცენტირება, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს“.
ცნობისთვის, სხვადასხვა დროს ვალერი ჩეხერია იყო „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, სასტუმრო Rooms Hotels-ისა და „ჰოლიდეი ინ თბილისის“, ასევე „ფაბრიკა ჰოსტელის“ და კომპანია City Loft-ის გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, ჩეხერია იყო კონსულტანტი კოლუმბიის უნივერსიტეტში, კონსულტანტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, UN Global Compact Network Georgia-ს გამგეობის თავმჯდომარე, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროში მინისტრის ადმინისტრაციის უფროსად.
დღემდე ჩეხერია არის McLain Association for Children-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Children Hospice-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ის ასევე კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი და Limitless Hospitality-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.
ვალერი ჩეხერიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის საჯარო მაგისტრის ხარისხი.