ვინ არიან Forbes-ის 2025 წლის რეიტინგის ახალწვეული მილიარდერები?

ვინ არიან Forbes-ის 2025 წლის რეიტინგის ახალწვეული მილიარდერები?

მიუხედავად მერყევი 2024 წლისა, Forbes-ის 2025 წლის რეიტინგში რეკორდული რაოდენობის, 3,028 მილიარდერი მოხვდა. რეკორდული წელი გამოდგა მილიარდერთა კლუბში მოხვედრილი ახალბედა წევრებისთვისაც. ეს სტატუსი 288-მა ახალმა წევრმა მოიპოვა. 33 სხვადასხვა ქვეყნის ახალბედა მილიარდერის ჯამური ქონება $680 მილიარდს აჭარბებს.

როგორც ყოველთვის, მილიარდერთა კლუბში ყველაზე მეტი ახალწვეული (103) აშშ-დან არის. მათ შორის არიან ორი ყველაზე მდიდარი ახალწვეული: ჰეჯ-ფონდების დამფუძნებლის, ჯიმ საიმონსის ქვრივი მერილინ საიმონსი ($31 მილიარდი) და ნავთობისა და გაზის მაგნატ ოტრი სტივენსის ქალიშვილი, ლინდალ სტივენს გრეთი ($25.8 მილიარდი). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ორი პიროვნება ყველაზე მდიდარი ახალწვეულია, მათი ქონება მემკვიდრეობითია და ანტრეპრენიორული საქმიანობით გამომუშავებული არ არის.

ახალბედა მილიარდერების სიმრავლით მეორე ადგილზე გერმანია (37) იმყოფება. მათ შორისაა გერმანული ფარმაცევტული კომპანიის Boehringer Ingelheim-ის 15 მემკვიდრე. ერთ-ერთი მათგანი კი 2025 წლის რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა ახალწვეული მილიარდერი გახლავთ (იოჰანეს ფონ ბაუმბახი – $5.4 მილიარდი). ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან მილიარდერთა კლუბს 32 ახალწვეული, მათ შორის სამკაულების მაგნატი სუ გაომინგი ($8.2 მილიარდი) შეუერთდა. 17 ახალბედა მილიარდერი ჰყავს ინდოეთს, 15 კი – რუსეთს.

საინტერესოა, რომ ახალბედა მილიარდერების დაახლოებით 70% თვითშემდგარი მილიარდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ 196-მა ახალწვეულმა ქონება მემკვიდრეობით კი არ მიიღო, არამედ თავად გამოიმუშავა. ყველაზე მდიდარი თვითშემდგარი მილიარდერი 2025 წლის რეიტინგში 73 წლის საუდის არაბი სულეიმან ალ-ჰაბიბია ($10.9 მილიარდი). ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში 2017 წლის შემდეგ არ მოხვედრილა. ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი კი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მოღვაწე 28 წლის ალექსანდრ ვონგია ($2 მილიარდი).

მილიარდერთა კლუბის ყველაზე ცნობილი ახალწვეულები უკანასკნელი ათწლეულების ერთ-ერთი საკულტო მსახიობი და მოგვიანებით პოლიტიკოსი, არნოლდ შვარცენეგერი ($1.1 მილიარდი) და კომიკოსი ჯერი საინფილდი ($1.1 მილიარდი) არიან. ცნობისთვის, 2025 წლის რეიტინგის ახალწვეულ მილიარდერთა მხოლოდ 15% არიან ქალები, რომელთა 2/3-მაც ქონება მემკვიდრეობით მიიღო.