მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ისრაელურ სტარტაპ Wiz-სა და Google-ს შორის $23-მილიარდიანი პოტენციური შერწყმის შეთანხმება ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები Wiz-მა დაასრულა. კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ეს Google-ის ყველაზე მსხვილი შეთანხმება შეიძლებოდა ყოფილიყო.
კიბერუსაფრთხოების ფირმის, Wiz-ის აღმასრულებელი დირექტორის, ასაფ რაპაპორტის განცხადებით, კომპანია ახლა საკუთარი აქციების საჯაროდ განთავსებაზე ფოკუსირდება, რაც ადრეც იგეგმებოდა. გარდა ამისა, სტარტაპი წლიურად $1 მილიარდის მოცულობის შემოსავლების მიღებასაც ისახავს მიზნად. „მსგავს შემოთავაზებაზე უარის თქმა რთულია, თუმცა ჩვენი გუნდის დამსახურებით ამ ნაბიჯს თავდაჯერებულად ვდგამთ“ – განაცხადა სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა.
საინტერესოა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ასაჯაროებდა.
შეგახსენებთ, რომ Wiz-ი მომხმარებლებს რეალურ დროში საფრთხეების აღმოჩენასა და მათთან გამკლავებისათვის გადაწყვეტების მოძებნაში ეხმარება. კომპანია ამისათვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. 2023 წელს სტარტაპმა $350 მილიონის მოცულობის შემოსავლები მიიღო. Wiz-ის პარტნიორების 40%-ს კი Fortune 100 კომპანიები წარმოადგენენ. სტარტაპი ისეთ ქლაუდ-პროვაიდერებთან მუშაობს, როგორიცაა Amazon-ი და Microsoft-ი. მის მომხმარებლებს კი Morgan Stanley და DocuSign-ი წარმოადგენენ. კიბერუსაფრთხოების კომპანიამ ცოტა ხნის წინ კერძო ინვესტიციის სახით დამატებით $1 მილიარდი მოიზიდა, რითაც სტარტაპის ღირებულება $12 მილიარდად შეფასდა.
საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელ პერიოდში Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის შერწყმისა და შესყიდვების (M&A) მიმართულებით მეორე ჩაშლილი მოლაპარაკებებია. ცოტა ხნის წინ კომპანიამ შეთანხმებას მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპ HubSpot-თანაც ვერ მიაღწია.