ყოველწლიურად, გლობალურ საშუალო კლასს 100 მილიონი ადამიანი უერთდება. World Data Lab-ის განსაზღვრებით, იმ პირთა დიდი ნაწილი, ვინც დღეში მინიმუმ $12-ს ხარჯავს (2017 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტით), განვითარებად რეგიონებში, ძირითადად აზიისა და აფრიკის ტერიტორიებზე ცხოვრობს.
World Data Lab-ს პროგნოზით, 2024 წელს გლობალურ სამომხმარებლო კლასს დაახლოებით 113 მილიონი ადამიანი შეემატება, რომელთა უმრავლესობა სწორედ აზიის რეგიონიდან იქნება. 2023 წლის ივნისის მონაცემებით, გლობალურ სამომხმარებლო კლასში ამჟამად 4 მილიარდი ადამიანი წევრიანდება, მათი რაოდენობა კი 2031 წლისთვის 5 მილიარდამდე გაიზრდება.
ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2024 წელს საშუალო კლასის ახალწვეულთა 81% აზიაზე გადანაწილდება – ჯამში 91 მილიონი წარმომადგენლით. მეორე ადგილზე აფრიკა იქნება, 10 მილიონი პირით, მესამე პოზიციას კი ლათინური ამერიკა დაიკავებს – 6 მილიონი ახალწვეულით.
როგორც მოსალოდნელი იყო, 2024 წელს გლობალურ საშუალო კლასში ახალწვეულთა მთავარი წყარო ინდოეთი და ჩინეთი იქნება, შესაბამისად, 33 მილიონი და 31 მილიონი წარმომადგენლით. ორივე ქვეყანა მოსახლეობის დიდი რაოდენობით, შემოსავლის მზარდი დონითა და ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
შემდგომში უკვე სიაში ინდონეზიასა და ბანგლადეშს ვხვდებით, თითოეულის დაახლოებით ხუთი მილიონი წარმომადგენლით. ორივე სახელმწიფოს მოსახლეობის ფართო პირამიდა აქვს, რაც შედარებით ახალგაზრდა საშუალო ასაკსა და მზარდ სამუშაო ძალას გულისხმობს. საინტერესოა, რომ რეიტინგში წარმოდგენილი მრავალი ქვეყანა, მათ შორის ვიეტნამი, ფილიპინები და ტაილანდი, მსოფლიოში ყველაზე მზარდი ელექტრონული კომერციის ბაზრებიცაა.
აფრიკის რეგიონიდან მხოლოდ ორ ქვეყანას – ეგვიპტესა და ნიგერიას – 2024 წლის პროგნოზში, გლობალურ საშუალო კლასში 1 მილიონზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება. სახელმწიფოები ზრდის მაღალი პოტენციალით და საშუალოზე მაღალი შობადობით გამოირჩევიან.
Goldman Sachs-ის პროგნოზით, 2075 წლისთვის ეგვიპტე და ნიგერია შესაძლოა მსოფლიოს მეხუთე და მეშვიდე უმსხვილეს ეკონომიკებად იქცნენ და ისეთ ტრადიციულ ეკონომიკურ ლიდერებს გადაუსწრონ, როგორებიც იაპონია, გერმანია და გაერთიანებული სამეფო არიან.
ქვეყნები, რომელთაც 2024 წელს, გლობალურ სამომხმარებლო კლასში ყველაზე მეტი ახალწვეული ეყოლებათ:
- ინდოეთი – 33 მილიონი
- ჩინეთი – 31 მილიონი
- ინდონეზია – 5 მილიონი
- ბანგლადეში – 5 მილიონი
- ვიეტნამი – 4 მილიონი
- პაკისტანი – 3 მილიონი
- ფილიპინები – 2 მილიონი
- თურქეთი – 1 მილიონი
- ტაილანდი – 1 მილიონი
- სხვა – 6 მილიონი