“Markiplier”-ი პლანეტის ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების სიმბოლოს წარმოადგენს, რომლებმაც სტარტი ვიდეოთამაშებითა თუ სხვა მაიამუნობებით დაიწყეს, თუმცა ახლა იტოტებიან – სარფიან პროდუქტებად, მსოფლიო ტურებად თუ სხვა.
პარტნიორობა ბრენდებთან,ტანსაცმლის ხაზი, მილიონობით ფანი… ის, რაც ადრე სპორტსმენებისა და A კლასის ვარსკვლავთა სამფლობელო იყო, დღეს “Markiplier”-საც მოიცავს – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან YouTube-ერს, რომელმაც 12 თვეში (ჩვენ რომელსაც ვაკვირდებოდით) $17.5 მილიონი დააგროვა.
ჰავაის მკვიდრმა (ნამდვილი სახელი: მარკ ფიშბახი) თავისი YouTube-არხი 2012-ში ჩაუშვა, როცა University of Cincinnati-ში ბიოსამედიცინო ინჟინერიას სწავლობდა.
მას მძიმე დღეები ედგა: მეგობარ გოგონას დაშორდა, სამსახურიდან გამოუშვეს და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ამოაჭრეს, რომლებიც ექიმებმა ბრმა ნაწლავის ოპერაციის დროს აღმოუჩინეს.
“უამრავი რამ მოხდა, რამაც მაგრძნობინა, რომ არავითარი კონტროლი არ მქონდა საკუთარ ცხოვრებაზე, ასე რომ, რაღაც უნდა გამეკეთებინა”, – ამბობს 29 წლის ფიშბახი, რომელიც დღეს ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. თავიდან პატარა აუდიოჩანაწერები გააკეთა, როგორც ერთგვარი სავარჯიშო გახმოვანების პოტენციურ კარიერაში, მაგრამ მალე აუდიტორია იმ კლიპების მეშვეობით მოიზიდა, რომლებშიც ვიდეოთამაშებს თამაშობდა და პარალელურად ირონიულ კომენტარებს აკეთებდა.
თვლით, რომ ვიღაცის ყურება, ვინც PS4-ს თამაშობს, სულაც არაა გასართობი? Markiplier-ის 22.4 მილიონი YouTube-ის გამომწერი, 10 მილიარდ ნახვას რომ უზრუნველყოფს მისი ვიდეოებისთვის, სხვაგვარად თვლის. YouTube-ის ვარსკვლავთა ტოპ-ათეულმა, ამ გასულ წელს, ერთობლივად, $180.5 მილიონი მოიტანა, რაც 42%-იანი ნახტომია 2017-ის შემდეგ. თამაშში კარგი ფული კეთდება: YouTube-ის სხვა ჩვეულ კატეგორიებთან, მაგალითად, კომედიებსა თუ სახელდახელო ოინებთან, შედარებით, ვიდეოთამაშების კლიპთა ჩაწერა და დამონტაჟება სწრაფადაა შესაძლებელი; ზოგი გეიმერი ყოველდღე ახალ-ახალ სიუჟეტს დებს. მეტი პოსტი, ბუნებრივია, მეტ მნახველს ნიშნავს… და მეტ რეკლამას, გნებავთ, მეტ დოლარს (ტოპ ონლაინ-ტალანტის ტიპური ტარიფი, Forbes-ის შეფასებით, ათას ნახვაზე $5-ს შეადგენს).
ამ ამბავში თავისი წვლილი იმასაც შეაქვს, რომ იგივე ახალგაზრდა მაყურებლები, რომლებიც ტელევიზიას YouTube-ით ანაცვლებენ, ვიდეოთამაშებზე გიჟდებიან. “10-15 წლის წინ, ვიდეოთამაშები არ იყო მოდაში. იმიტომ არ თამაშობდი, რომ ეს მაგარი იყო, არამედ იმიტომ, რომ მოგწონდა, – ამბობს WME-ს ციფრული ტალანტის აგენტი დევიდ ჰანტცინგერი. – ახლა Drake-ი Twitch-ზე Fortnite-ს თამაშობს, [პროფესიონალი] სპორტსმენები კი გასახდელებში სხედან და ამბობენ, არ შეგვიძლია, Xbox-ი რომ არ ვითამაშოთო… ამით ცხოვრობენ და სუნთქავენ ეს ახალგაზრდები”.
ნებისმიერი კარგი მაგნატის მსგავსად, ფიშბახმაც დივერსიფიცირებას მიჰყო ხელი: ოქტომბერში, ამ რეიტინგის კიდევ ერთ წევრთან, შონ მაკლაფლინთან, იმავე “Jacksepticeye”-სთან (ნომერი 8, $16 მილიონი), ერთად, სავარჯიშო-სპორტული ტანსაცმლის ხაზი Cloak-ი დააფუძნა. ვარჯიშისთვის განკუთვნილი ეს ხაზი მოიცავს $85-იან სვიტრებსა და $35-იან მაისურებს. და თუ თავად, შესაძლოა, მხოლოდ ცერა თითის ვარჯიშით არიან დაკავებულნი, ფანებმა ტანსაცმელი აქტიურად აიტაცეს: წინასწარი გაყიდვის პერიოდში საქონელი 48 საათში ერთიანად გაიყიდა.
პროდუქტებით ვაჭრობა შემოსავლის მზარდად მნიშვნელოვანი წყარო ხდება ამ წამყვანი ციფრული ვარსკვლავებისთვის, რომელთა ლამის სრული უმრავლესობის (ნომერი ერთია აღსანიშნავი გამონაკლისი) ასაკობრივი დიაპაზონი 20-30 წელს შეადგენს. ჩვენი რეიტინგის ათივე წევრს დღეს თავისი პროდუქტთა ხაზი აქვს, რომელთა წარმატებული გაყიდვები იმ 42%-იან ზრდაზეა ნაწილობრივ პასუხისმგებელი, შარშანდელთან შედარებით რომ განიცადა მათმა შემოსავალმა. “უზარმაზარი კომუნა შევქმენი და უამრავ ადამიანს ვაცინებ”, – ამბობს ფიშბახი, რომლისთვისაც Cloak-ი პირველი ნაბიჯია იმპერიისკენ, რომელიც უფრო ხელშესახები აქტივების ირგვლივ იქნება შექმნილი, ვიდრე ატვირთული ვიდეოებია.
ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე ვიდეოთამაშთა ყველა ეს კლიპი ეფექტიანობის სერიოზულ გამაძლიერებელს უზრუნველყოფს კაცისთვის, რომელიც Markiplier-ის სახელით არის ცნობილი. ნებისმიერი გამჭრიახი ბიზნესმენის მსგავსად, ის წინ იყურება. “YouTube-ზე ვიდეოების კეთებას სამუდამოდ ვერ შევძლებ, – ამბობს ის. – მომავალი უნდა დავგეგმო”.
YOUTUBE-ის ტოპ-ათეული. ყველაზე ფულიანი ციფრული სუპერვარსკვლავები:
1. RYAN TOYSREVIEW – $22 მლნ
რაიანი ყველა სხვა 7 წლისას ჰგავს: უყვარს Lego-ები, მატარებლები, მანქანები… და თავისი 17 მილიონი მიმდევარი. ამას წინათ მინიმაგნატის ნაბიჯიც გადადგა – საკოლექციო სათამაშოებისა და სხვა რამეების ხაზი, რომელიც ახლა Walmart-ში იყიდება.
2. ჯეიკ პოლი – $21.5 მლნ
სკანდალური ლოგანის (ნომერი 10) ენერგიულმა ძმამ წარმატებული სავაჭრო ბიზნესიდან თავის კარიერაში რეკორდული შემოსავალი მოიპოვა. იმ პერიოდში, რაც მას ვაკვირდებით, მისმა რეპ-სიმღერებმა და სულელურმა ოინებმა 3.5 მილიარდი მნახველი მოიზიდა.
3. DUDE PERFECT – $20 მლნ
ეს ხუთკაციანი სპორტული გუნდი (კობი და კორი კოტონები, გარეტ ჰილბერტი, კოდი ჯონსი და ტაილერ ტონი) მარჯვე და რთული ილეთებით არის განთქმული, მაგალითად, პინგ-პონგის ბურთებს ისვრიან, რათა Oreo-ებისთვის დომინოს ეფექტი გამოიწვიონ – ვიდეო, რომელმაც 175 მილიონი ნახვა მოიხვეჭა.
4. DANTDM – $18.5 მლნ
გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ($16.5 მილიონი) დენიელ მიდლტონი, ბრიტანელი გეიმერი, რომელიც Minecraft-ში სპეციალიზდება, უკვე ექვსი წელია, ვიდეოთამაშებს ჩართული კამერით თამაშობს, რის შედეგადაც 20.7 მილიონი მიმდევარი მოაგროვა, რომლებიც ფულს არ ზოგავენ, მის ტურნეებს რომ დაესწრონ და მისი პროდუქტები, მათ რიცხვში, ზურგჩანთები, ბეისბოლის კეპები და კაპიუშონიანი მაისურები, იყიდონ.
5. JEFFREE STAR – $18 მლნ
ჯერ კიდევ Myspace-ის ეპოქიდან ცნობილი მაკიაჟის არტისტი სილამაზის სფეროს მაგნატად იქცა და Jeffree Star Cosmetics-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინა, რომელიც წლიურად დაახლოებით $100 მილიონზე მეტის ტოლფას თვალის ჩრდილს, ტუჩსაცხსა და კონტურს ყიდის.
6. MARKIPLIER – $17.5 მლნ
7. VANOSSGAMING – $17 მლნ
გონებამახვილი კანადელი გეიმერი ევან ფონგი ისეთ თამაშებს თამაშობს, როგორებიც Call of Duty და Assassin’s Creed-ია. პარალელურად, ჰიპ-ჰოპ კარიერაზეც მუშაობს, თუმცა მუსიკა (ჯერჯერობით) ისეთი სარფიანი ვერაა, როგორიც ტახტზე ჯდომის მოკრძალებული ხელოვნება.
8. JACKSEPTICEYE – $16 მლნ
ბილწსიტყვა, ენერგიული შონ მაკლაფლინი, ვიდეოთამაშებზე გაკეთებული ცოცხალი კომენტარების წყალობით, ყველაზე პოპულარული YouTube-ერია ირლანდიაში. ერთ-ორ ცუდ სიტყვას მისთვის ხელი არ შეუშლია, მეინსტრიმ-მოვლენად ქცეულიყო: Disney-სთვის სერიები გააკეთა და ექსკლუზიურ კონტენტს ქმნის ლაივ-სტრიმინგის პლატფორმა Twitch-ისთვის.
9. PEWDIEPIE – $15.5 მლნ
YouTube-ზე ყველაზე მეტი – 72.5 მილიონი – მიმდევრით აღჭურვილი შვედი გეიმერი, ფელიქს კიელბერგი სკანდალს არ დაუბრკოლებია. შარშან, დაუდევარ ანტისემიტურ ვიდეობს მოყოლილი კრიტიკის ქარცეცხლის მიუხედავად, რეკლამადამკვეთები დაბრუნდნენ და $450,000-იც გადაიხადეს დასპონსორებულ კლიპში.
10. ლოგან პოლი – $14.5 მლნ
2018-ის იანვარში ჯეიკის უფროსი ძმა, 23 წლის ლოგანი YouTube-ის პროგრამა GooglePreferred-იდან იქნა გაძევებული, რომელიც პოპულარულ არხებს ხელსაყრელ სარეკლამო ტარიფებს ანიჭებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ვიდეო გადაიღო იაპონიაში, რომელიც აშკარა სუიციდს აჩვენებდა – ხეზე ჩამოკიდებულ ადამიანს. მან ბოდიში მოიხადა. მისმა შემოსავალმა ვიდეოებიდან (უხერხული მომენტები, ოინები) და ბრენდებთან დადებული გარიგებებიდან ზარალი განიცადა, მაგრამ ერთგულმა ფანებმა მისი მძლავრი სავაჭრო ბიზნესი გადაარჩინეს.
მეთოდოლოგია: ყველა შეფასებული შემოსავალი წარმოადგენს მაჩვენებლებს 2017-ის 1 ივნისიდან 2018-ის 1 ივნისის ჩათვლით. რიცხვები გადასახადებამდელი სახითაა მოყვანილი; აგენტებისთვის, მენეჯერებისა და იურისტებისთვის განკუთვნილი ჰონორარები გამოკლებული არ არის. შემოსავალთა შეფასება ეფუძნება Captiv8-ის, SocialBlade-ისა და Pollstar-ის მონაცემებს, პლუს ინტერვიუებს ინდუსტრიაში ჩახედულ პირებთან.