მსოფლიო უზარმაზარია და თანდათან კიდევ უფრო იზრდება. ყველაზე თავგამოდებული მოგზაურები, რომლებსაც მე შევხვედრივარ, ამბობენ, რომ ყოველი ახალი ადგილის მონახულების შემდეგ მათთვის სამოგზაუროდ სასურველი ადგილების სია სულ უფრო ვრცელი ხდება.
როგორ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტული ადგილები სამოგზაუროდ? რომელი ადგილები გახდა უსაფრთხო? რომელია ახლად აღმოჩენილი სამოგზაუროდ ვარგისი ადგილები? რომელი ჯობია: მიძინებული პერიფერია თუ განვითარებული ტურისტული ადგილი? რა სიახლეებია ჩვენთვის უკვე ნაცნობ ადგილებში? რისი მონახულება უნდა მოვასწროთ, ვიდრე იგი სამუდამოდ შეიცვლება?
ყველა ამ ჩამოთვლილი კითხვით მე მივმართე ოუენ გადისს, რომელიც უმაღლესი დონის ექსპერიმენტული ტურისტული კომპანიის Absolute Travel-ის მენეჯერია ე.წ. ფუფუნებით მოგზაურობის სფეროში. ოუენმა კარგად იცის თავისი საქმე, მან ხომ თავადაც მოინახულა ისეთი ადგილები, როგორიცაა ჩამონიქსის მყინვარები, ომანის უდაბნოები, ნიკარაგუის ტროპიკული ტყეები და დასავლეთ აფრიკის უსწორმასწორო სანაპირო – თან უარი არ უთქვამს ლამაზ თეთრეულზე, ფუმფულა ხავერდის ხალათებსა და ერთ ბოთლ საუკეთესო ბურგუნდიულზე. ისევე როგორც Absolute Travel-ის ყველა მოგზაურობის დამგეგმავს, ოუენსაც აქვს გლობალური კავშირები, საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა და იმის მანდატი, რომ დეტალურად შეისწავლოს თავისი კლიენტების ინტერესები და შესაბამისად დაგეგმოს მათი მოგზაურობა.
ისლანდია
გარდა ცნობილი დეპლარ ფერმისა (Deplar Farm), რომელიც 2016 წელს იხსნება და უკვე ლიდერობს თერთმეტ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში, ოუენ გადისის აზრით, მილიონი სხვა მიზეზიც არსებობს, რის გამოც ისლანდია მისი სიის საუკეთესო ადგილთა შორისაა (ისლანდია ასევე დედამიწის ყველაზე ბედნიერ ადგილთა რეიტინგის სათავეში მოხვდა). უმეტესწილად დაუსახლებელი ისლანდია სწორედ ის ადგილია, სადაც, თქმულების თანახმად, მითურ ბორცვებზე ტროლები და ფერიები დასეირნობენ, ყინულის ნაპრალებს ახტებიან, ბუნებრივ ცხელ წყაროებში ბანაობენ და ნისლიანი კლდეების თავზე დაფრინავენ. ოუენის თქმით, რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო იქ ჩასვლისას ეს მითი სრულიად დასაჯერებელი ხდება. „ისლანდიაში მოგზაურობა პარალელურ სამყაროში გადასვლის მსგავსი შეგრძნებაა. აქ თითოეული წუთი სავსეა თავგადასავლებით, წარმოუდგენელი პეიზაჟებით, ფოლკლორითა და უბრალო სიამოვნებებით. აქაურობა ბავშვობაში დაგაბრუნებთ – იმ დროში, როდესაც ჯერ კიდევ გჯეროდათ ჯადოქრობის”, – ამბობს გადისი და უმატებს, რომ ისლანდიაში ასევე პოპულარულია მდინარეზე რაფტინგი, თევზაობა, დაივინგი (წყალქვეშ ცურვა აკვალანგით), სერფინგი, სპელიო-ტურები (გამოქვაბულებში მოგზაურობა) და ლაშქრობა.
ეს იდუმალი მაროკო
ბევრი ჩვენგანი დაკარგულა მარაკეშის ბაზრობებზე და დაუსვენია იქაურ სახლებში, რომლებსაც მარაკეშის რიადს უწოდებენ. Absolute Travel-მა ახალი მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს უფრო მეტს, ვიდრე საყიდლებზე სიარულს და შენობების დიზაინის დათვალიერებას. ამიერიდან უშიშარ და შეუპოვარ მოგზაურებს შეუძლიათ ტოდრას ხეობის ციცაბო კლდეებზე ასვლა და იქიდან ვარდის ველების ხედით დატკბობა, ატლასის მთების დალაშქვრა, ჩანჩქერებთან დასვენება, ბერბერული სოფლების მონახულება (ღამის გათენება რიჩარდ ბრენსონის კუთვნილი ძვირად ღირებული სასტუმროს Kasbah Tamadot-ის მდიდრულ ლუქს-კარავში) და შემდეგ ერგ-ჩებისკენ გეზის აღება, სადაც ქვიშის დიუნებიდან ბედუინების საუცხოოდ მოწყობილი კარვები იშლება. ერგ-ჩები საჰარის უდაბნოს კარიბჭეს წარმოადგენს. მოგზაურებს საშუალება ეძლევათ, დიუნები „ქვიშის ბორდინგით” (sandboarding) გაიარონ, მთის მწვერვალებს შორის გაბმულ ტროსზე გასრიალდნენ, აქლემზე შემომსხდარნი დატკბნენ მზის ჩასვლით და ადგილობრივი მასპინძლის მიერ შემოთავაზებული მაღრიბის პიტნის ჩაის სმის დროს უდაბნოს საიდუმლოებებსაც ეზიარონ. (მაღრიბის პიტნის ჩაი აგრეთვე ცნობილია როგორც „ბერბერული ვისკი”).
ვიეტნამი: ამანის კურორტი
დაწყებული მიძინებული სოფლებით, სადაც ადგილობრივები თევზჭერით ირჩენენ თავს, და დამთავრებული საიგონის მაღალი შენობების სახურავებზე გამართული დისკოთეკებით, დღევანდელ ვიეტნამში უძველესი ტრადიციები კოსმოპოლიტურ თანამედროვეობას ერწყმის. არსებობს ახალი, უფრო ფეშენებელური გზები, რათა უკეთ შეისწავლოთ აზიის ეს ნაწილი, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ადგილად ითვლება: ცოტა ხნის წინ შესაძლებელი გახდა ჰალონგის ყურეზე ჰიდროთვითმფრინავით გადაფრენა, რაც საშუალებას აძლევს აქ ჩამოსულ სტუმრებს ბოლომდე დატკბნენ კირქვის კლდეების არაამქვეყნიური სილამაზით – და ამისათვის აღარ არის საჭირო ორი დღე არასანდო ნავით მგზავრობა. ქვეყნის სამხრეთ ცენტრალურ სანაპიროზე ნუი-ჩუას ეროვნული ნაკრძალის კლდეებზე გაიხსნა სრულიად ახალი კურორტი ამანოი (Amanoi), რომელიც ამანის უახლეს ანკლავს „ამან-ნესს” წარმოადგენს. კომპანია Absolute Travel-ის ტურში შესაძლოა ასევე შევიდეს VESPA-ს მოტოროლით საიგონის ღამის ცხოვრების დათვალიერება და ვიეტნამის ომის ვეტერანთან გასაუბრების შესაძლებლობა.
ამერიკის სერენგეტი: ამერიკული პრერიის ნაკრძალი
მონტანის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. Absolute Travel-ი ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ტურისტები აქ დასათვალიერებლად და თან დასახმარებლად ჩამოჰყავს. კომპანია თავის სტუმრებს ასახლებს კესტრელის ბანაკში, სადაც საფარის უდაბნოს კარვებით შთაგონებული მაღალი დონის იურტებია განლაგებული. ამერიკის პრერიის ნაკრძალმა გამოისყიდა კერძო მიწები, ჩამოანგრია ღობეები და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალის მშენებლობა წამოიწყო. ამ წამოწყების მიზანი არის ამერიკის კონტინენტურ შტატებში (ალასკის ჩათვლით) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკრძალის აშენება და აქ ლუისისა და კლარკის მიერ აღწერილი ბიზონების, გრიზლის, ირმების, თახვების, ცხენირმებისა და ანტილოპების დასახლება.
მაცდური ტასმანია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ტასმანიასთან დაკავშირებით ძალზე მწირე ინფორმაციაა. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს ადგილი ეშმაკთან ასოციირდება. შორეულისა და ხელუხლებლის მოყვარულთათვის ნაკლებად პოპულარული ტასმანია წმინდა გრაალის ტოლფასია. ტურისტულ ბიზნესში მოღვაწე ნოვატორებმა უკვე დაიწყეს ამ მრავალფეროვანი ადგილით დაინტერესება, რომელიც მდიდარია განსაცვიფრებელი პეიზაჟებით და არ ჩამოუვარდება გალაპაგოსის კუნძულებს, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას. კომპანია Absolute Travel- ის კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ მიირთვან ახლად დაჭერილი ხამანწკები, ღამის წყვიადში შეხვდნენ იხვნისკარტას კრეიგ უილიამსთან (აგრეთვე ცნობილი როგორც „ბუში”) ერთად, რომელიც ტასმანიის საუკეთესო და ამავდროულად ყველაზე ექსცენტრული გიდია. დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ სანაპიროზე გასეირნება დახურული ღვინისა და ვისკის გამოსახდელი პატარა ქარხნების ძიებაში. დამსვენებლებს აქ ასევე სთავაზობენ ნავით გასეირნების ახალ ტურს, რომელსაც დამაინტრიგებელი სახელწოდება აქვს – „ტასმანიის ზღვის პროდუქტების ცდუნება”.
კოლუმბია
იმ ცნობისმოყვარე მოგზაურებს, ვინც მორიგ თავგადასავალს ეძებს, ოუენ გადისი ურჩევს ფუფუნებით მგზავრობას კოლუმბიაში. აქ ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ „დატკბნენ სამხრეთამერიკული მდიდრული ქარიზმით და ჯუგო დე ლულოს სასმელით (მენდეთ, უბრალოდ აიღეთ ჭიქა და დალიეთ).” JetBlue-ს ავიახაზების მიერ შემოთავაზებულმა ხუთსაათიანმა ფრენამ ნიუ-იორკიდან კარტახენამდე კოლუმბია უფრო ადვილად მისადგომ ადგილად აქცია, ვიდრე იგი ოდესმე ყოფილა. სტაბილური მთავრობის წყალობით კოლუმბიაში მოგზაურობა უსაფრთხო გახდა, ხოლო სასტუმროს მფლობელებისა და მმართველების ახალი თაობა ფუფუნებით დასვენების გარანტიას იძლევა. კოლუმბია ძალზე მრავალფეროვანი ადგილია, აქ თქვენ გელით კარიბის ზღვის სუფთა სანაპიროები, კარტახენას რიყის ქვით მოპირკეთებული ულამაზესი ქუჩები, ამაზონის ეგზოტიკური ტროპიკული ტყეები, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული შვიდი ღირსშესანიშნავი ადგილი, ბოგოტის ხმაურიანი მეტროპოლისი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ხალხი; ასევე Absolute Travel-ის უსაყვარლესი სასტუმრო Hacienda Bambusa, რომელიც განახლების შემდეგ 2015 წელს ისევ იხსნება.
იაპონია: წარსული და აწმყო
ახალი ჩქაროსნული მატარებელი ტოკიოდან კანაზავაში პრაქტიკულად გამორიცხავს საჰაერო მგზავრობის საჭიროებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ტურისტებს ერთი მოგზაურობის ფარგლებში ქვეყნის უფრო დიდი ნაწილის მონახულება შეუძლიათ. საკვები იაპონიაში სერიოზული ბიზნესია (და ასევე ტურისტების მოსაზიდი საშუალება) – მაშინ, როდესაც იაპონია ლიდერობს ინოვაციისა და ხარისხის სფეროში, ტოკიოში მსოფლიოში ყველაზე მეტი რესტორანია, რომელთაც მიშლენის ვარსკვლავი მიენიჭა, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიოში საუკეთესო სუშის კერძებზე. როგორც იქნა, მომავალ წელს იხსნება ულამაზესი და საოცრად დახვეწილი სასტუმრო-კურორტი Aman Tokyo, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის. ოუენ გადისი ამბობს, რომ ამ სასტუმროში ერთი ღამით გაჩერებისთვისაც კი ღირს იაპონიაში მოგზაურობა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ იაპონიაში ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება, სწორედ ახლა არის კარგი დრო იქაური ტრადიციებისა და ისტორიული ძეგლების მონახულებისა, ვიდრე ისინი მთლიანად შეიცვლება ან საერთოდაც გაქრება. მაგალითად, ცნობილი ცუკიჯის თევზის ბაზრობა მალე შემცირდება ზომაში და სხვა ადგილას იქნება გადატანილი, რადგან ტოკიო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადისათვის იწყებს მზადებას.
არგენტინის პატაგონია
ჩილეს კუთვნილი პატაგონიის პოპულარობამ საგრძნობლად იმატა მას შემდეგ, რაც იქ ისეთი ფეშენებელური სასტუმროები გაიხსნა, როგორიცაა Singular-ი, Tierra, Explora და სხვები. ამავდროულად, პატაგონიის ნაწილი, რომელიც არგენტინას ეკუთვნის, დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ რჩებოდა. იქ მხოლოდ ყველაზე თამამი თავგადასავლების მოყვარულები თუ ჩადიოდნენ. Absolute Travel-მა გადაჭრა ფუფუნებით მოგზაურობის თავსატეხი და თავის კლიენტებს შესთავაზა ახალი მარშრუტი, რომელშიც შედის ულამაზესი მყინვარების ხელუხლებელი ლანდშაფტები, ბროლის აუზები და უსწორმასწორო მწვერვალები. ელ-ჩალტენის მახლობლად მდებარე მდიდრულ სასტუმრო Aguas Arriba-ში გატარებული რამდენიმე ღამის შემდეგ სტუმრები მიემართებიან სერო-ფიც-როის, ტორეს მყინვარისა და სერო-ტორესის ფეხით დასალაშქრად. შუალედებში მოგზაურებს შეუძლიათ მათთვის სპეციალურად მოწყობილ ბანაკებში, ეკოლოგიურად სუფთა მთის ქოხებში მოსვენება ან სასტუმრო Estancia Cristina-ში გაჩერება, სადაც ადრე ცხვრების საკრეჭი სადგომი იყო. სასტუმროში მოხვედრა მხოლოდ ნავით არის შესაძლებელი. აქ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაშოლტვით თევზაობაში მიიღონ მონაწილეობა და კულინარული შედევრები დააგემოვნონ.
ნეპალი – იმაზე მეტი, ვიდრე ელით
ნეპალი დიდი ხანია, ლაშქრობის მოყვარულთა სამოთხედ ითვლება. ახლა იგი ფუფუნებით მოგზაურობის მოყვარულთა საყვარელ ადგილადაც იქცა. Absolute Travel-ი თავის კლიენტებს სთავაზობს ნეპალის გასაოცარი სილამაზითა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ტრადიციებით ტკბობას. იქ ჩასულ სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ მზის ამოსვლით ჰიმალაის მთებიდან, გაისეირნონ მთიან ხეობებში, მოინახულონ კერამიკული და სამკერვალო სახელოსნოები, დაათვალიერონ შთამბეჭდავი ტაძრები და მონასტრები, ნავით გაისეირნონ ფევას ტბაზე, რომლის წყნარ წყლებში თოვლიანი მწვერვალების ანარეკლი ჩანს. ჯობს ახლავე გაემგზავროთ იქ და დაისვენოთ ახლად გახსნილ Dwarika-ს გამაჯანსაღებელ კურორტზე, ვიდრე სხვები შეიტყობენ მის შესახებ და ამ ადგილს უამრავი ხალხი მიაწყდება.
შრი-ლანკის ველური ბუნება
ახლა, როდესაც ქვეყანაში სიმშვიდე სუფევს, შრი-ლანკა ტურისტებს სთავაზობს ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას, რომელიც აქამდე ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა. ამანის კურორტები აქაც ისეთივე ფუფუნებას დაახვედრებს ტურისტებს, როგორსაც სხვა დანარჩენ ადგილას, თანაც აქ ფასი გაცილებით ნაკლებია. Absolute Travel-ი მოგზაურობის მოყვარულებს ბევრ საინტერესო სანახაობას სთავაზობს, მაგალითად, Galle Fort-ში ექსკურსიას მწერალ ჯულიეტ კუმბთან ერთად.
მაგრამ ოუენ გადისის თქმით, მთავარი ღირსშესანიშნაობა, რაც ტურისტებს იზიდავს, არის შრი-ლანკის ფაუნა: ცბიერი ლეოპარდები, ველური სპილოები, ტახები, ტუჩა დათვები, ფარშევანგები… „რთულია, მოძებნო ქვეყანა, რომელიც ისეთივე მრავალფეროვნებას გადაუშლის თვალწინ ჩამოსულ სტუმრებს, როგორსაც შრი-ლანკა,” – ამატებს ოუენი. იალას ეროვნული ნაკრძალი დიდი ხანია, ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს, მაგრამ ოუენ გადისი მოუთმენლად ელის ვილპატუს ნაკრძალის გახსნას, რომელიც სამოქალაქო ომის გამო წლებია, რაც მნახველებისთვის დახურულია.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".