აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების უმეტესი პროგრამების შეჩერების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა საკითხი, თუ რომელი სახელმწიფოები იღებდნენ აშშ-ისგან საგარეო დახმარების სახით ყველაზე დიდი მოცულობის თანხებს. USAID-ის პროგრამების ტრამპის მიერ 90 დღით გაყინვამ ბევრი ღარიბი სახელმწიფო მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დატოვა, მრავალი კრიტიკული მნიშვნელობის პროგრამა შეჩერდა.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთაც 2024 წელს აშშ-ისგან USAID-ის პროგრამების ფარგლებში ყველაზე დიდი მოცულობის დახმარებები მიიღეს. გაითვალისწინეთ, რომ ეს რიცხვი არ წარმოადგენს აშშ-ის მიერ კონკრეტული ქვეყნისათვის გაწეულ ჯამურ დახმარებას, ვინაიდან სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის საგარეო დახმარებები USAID-ის გარდა სახელმწიფოებს სხვა არხებითაც მიეწოდება. მონაცემები აღებულია აშშ-ის საგარეო დახმარების ოფიციალური ვებგვერდიდან (ForeignAssistance.gov)
გასაკვირი არ არის, რომ 2024 წელს ყველაზე დიდი მოცულობით დახმარება USAID-მა უკრაინას გაუწია. უკრაინამ აღნიშნული არხით აშშ-ისგან გასულ წელს $6.1 მილიარდი მიიღო. USAID-ის მეორე ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი 2024-ში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელმაც ამერიკისგან $1.3 მილიარდი მიიღო. თითქმის იმავე მოცულობის თანხა მიიღო იორდანიის ჰაშემიტურმა სამეფომ, $1.2 მილიარდი კი ეთიოპიამ. დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელებისათვის USAID-ის მიერ გამოყოფილმა თანხამ $918 მილიონი შეადგინა.
ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, USAID-მა საქართველოსთვის შარშან $111 მილიონი გამოყო, რომელთა ნაწილი სამთავრობო უწყებებს, ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეწარმეო პროექტებს, სოფლის მეურნეობის პროგრამებს, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროექტებს, ჰუმანიტარულ დახმარებას და სხვა სახის საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს გადაეცათ.
რეიტინგი | ქვეყანა | USAID-ის დახმარება 2024 წელს |
1 | უკრაინა | $6.1 მილიარდი |
2 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | $1.3 მილიარდი |
3 | იორდანია | $1.3 მილიარდი |
4 | ეთიოპია | $1.2 მილიარდი |
5 | დასავლეთი სანაპირო და ღაზის სექტორი | $918 მილიონი |
6 | სუდანი | $769 მილიონი |
7 | ნიგერია | $763 მილიონი |
8 | იემენი | $753 მილიონი |
9 | ავღანეთი | $743 მილიონი |
10 | სამხრეთი სუდანი | $727 მილიონი |
– | საქართველო | $111 მილიონი |