11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ კერძო ინვესტორებთან გარიგებების გზით 1.9 მილიარდი აშშ დოლარის სახელმწიფო აქტივები გაასხვისა. მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიების წილების გასხვისება ქვეყნის კერძო სექტორს გააძლიერებს.
პრემიერ-მინისტრმა მოსტაფა მადბულიმ სატელევიზიო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტში აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად 1.65 მილიარდი აშშ დოლარი და 250 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ეგვიპტური ფუნტი შევიდა. მადბულიმ ასევე აღნიშნა, რომ პრივატიზაციის ეს რაუნდი მოიცავდა ქვეყნის მსხვილ სახელმწიფო საკომუნიკაციო კომპანია Telecom Egypt-ში სახელმწიფო წილებს.
პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო წილები გასხვისდა ასევე ქიმიური ნივთიერებების საწარმო Elab-ში, ნავთობქიმიკატების ფირმა Ethdyco-სა და ნავთობის ფირმა Egyptian Drilling Company-ში.
პრესკონფერენციისას არ დაზუსტებულა, საერთო ჯამში პრივატიზაცია რამდენ სახელმწიფო კომპანიას შეეხო ან როდის დაიდო $1.9 მილიარდის ღირებულების გარიგებები.
პრივატიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული სამთავრობო გეგმის ნაწილია. აღნიშნული გეგმის თანახმად, ეგვიპტის 32 სახელმწიფო კომპანიაში სახელმწიფო საკუთარ წილებს გაასხვისებს და ამ გზით შეამცირებს ქვეყანაში საჯარო სექტორის ზომას. პრივატიზება შეეხება საკომუნიკაციო კომპანიებს, ნავთობსაწარმოებს, ბანკებსა და სხვა მსხვილ კორპორაციებს.
ცნობისთვის, პრივატიზაციის აღნიშნული პროგრამის განხორციელება მსოფლიო სავალუტო ფონდის $3-მილიარდიანი დახმარების პაკეტის უმთავრესი მოთხოვნა გახლდათ. სავალუტო ფონდისგან რესურსების მობილიზება ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკას COVID-19-სა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დასჭირდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეგვიპტურმა ფუნტმა აშშ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 50%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ გასულ თვეში 36%-ს მიაღწია. ეგვიპტე, სადაც 105 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორია. ხორბლის იმპორტის უმეტესი ნაწილი კი ტრადიციულად უკრაინიდან მოდიოდა.
ეგვიპტის მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს.
11 ივლისის კონფერენციაზე მადბოლიმ ასევე თქვა, რომ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების საპრივატიზაციო გარიგებების კიდევ ერთი რაუნდის შესახებ მალე გაასაჯაროებენ ინფორმაციას.