ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები უკანასკნელი წლებია, მნიშვნელოვნად იზრდება. გამონაკლისი არც 2023 წელია. წელს ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში ელექტრომობილების წილმა 18% შეადგინა. ტექნოლოგიურ განვითარებასა და უფრო მრავალფეროვანი არჩევანის გაჩენასთან ერთად, მომხმარებლები ელექტრომობილებით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან. სტატიაში წარმოგიდგენთ 2023 წლის ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილებს აგვისტოს მონაცემებით. რეიტინგი დაფუძნებულია CleanTechnica-ს მონაცემებზე.
წელს ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილის სტატუსი ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს Model Y-მა დაიმსახურა. Tesla-მ იანვარ-აგვისტოს შუალედში 772,364 ერთეული Model Y-ის გაყიდვა შეძლო. ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია მეორე ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილზე, რომელიც კვლავ ამერიკული Tesla-ს Model 3-ი გახლავთ. იანვრიდან აგვისტომდე 364,403 ერთეული Model 3 გაიყიდა.
მესამე ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი კი უკვე ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის Atto 3 მოდელი გახლავთ. აღნიშნული მოდელის გაყიდვებმა წელს 265,688 ერთეული შეადგინა. მომდევნო, მე-4 ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილის ტიტულიც ჩინური BYD-ის Dolphin-ს ეკუთვნის (222,825). ხუთეულს კიდევ ერთი ჩინური ბრენდი, GAC-ი ხურავს 160,693 ერთეული გაყიდული Aion S მოდელით. საინტერესოა, რომ სიაში ერთადერთი ევროპული ავტომწარმოებელი, გერმანული Volkswagen-ია, რომელმაც 2023 წლის იანვრიდან სექტემბრამდე 120,154 ერთეული ID.4 გაყიდა. ID.4 წელს მე-8 ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია. მე-9 პოზიციას კი კვლავ ჩინური BYD-ი იკავებს 95,202 ერთეული გაყიდული Seagull-ით.
მოდელი | ქვეყანა | რაოდენობა (იანვარი-აგვისტო) |
Tesla Model Y | აშშ | 772,364 |
Tesla Model 3 | აშშ | 364,403 |
BYD Atto 3 | ჩინეთი | 265,688 |
BYD Dolphin | ჩინეთი | 222,825 |
GAC Aion S | ჩინეთი | 160,693 |
Wuling HongGuang Mini EV | ჩინეთი | 153,399 |
GAC Aion Y | ჩინეთი | 136,619 |
Volkswagen ID.4 | გერმანია | 120,154 |
BYD Seagull | ჩინეთი | 95,202 |