800-კაციანი რესტორანი თერმული აბაზანებით - საირმეში ახალი ტურისტული ობიექტი იხსნება

800-კაციანი რესტორანი თერმული აბაზანებით - საირმეში ახალი ტურისტული ობიექტი იხსნება

800-კაციანი რესტორანი თერმული აბაზანებით – კურორტ საირმეში 5 მლნ ევროს ინვესტიციით ახალი ტურისტული ობიექტი იხსნება. პროექტზე შეფი გურამ ბაღდოშვილი მუშაობს. როგორც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ბაღდოშვილი აღნიშნავს, რესტორანში სტუმრებს 10 საათის განმავლობაში შეეძლებათ მუსიკის მოსმენა – მათთვის დაუკრავს სხვადასხვა ბენდი, ორკესტრები და დიჯეიები.

„ახალი ობიექტით, შეიძლება ითქვას, საირმეში ჩვენს სტუმრებს გართობას, დასვენებას და მკურნალობას ერთად შევთავაზებთ. ნებისმიერი კატეგორიისა და ასაკის ადამიანები შეძლებენ აქ დასვენებას“, – ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია უზარმაზარი ვერანდები და დაკიდებული ტერასები, ასევე ორი ერთმანეთთან შერწყმული თერმული აუზი, მათ შორის ერთ-ერთს ჰიდრომასაჟის ფუნქცია ექნება.

დიზაინზე ქართველი დიზაინერები ზრუნავენ, ინვესტიცია კი „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ თემურ კოხოძეს ეკუთვნის, რომელმაც, გურამ ბაღდოშვილის თქმით, მისი პროექტის დაიჯერა და პანდემიის პერიოდში მსხვილი თანხის ჩადებას დათანხმდა.

რესტორანი ახალი საირმის ტერიტორიაზე იხსნება და ის სტუმრების მიღებას აგვისტოდან დაიწყებს. რესტორნის ბრენდირებასთან დაკავშირებული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.