თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა, ვერტმფრენებმა და დრონებმა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე განთავსებულ ქურთულ სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელა. საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ოპერაციის მთავარ სამიზნეებს სამხედრო ობიექტები, ბანაკები და საბრძოლო მასალების საცავები წარმოადგენს.
თურქეთის სამხედრო მოქმედებები ერაყსა და სირიაში ქვეყნის ხანგრძლივი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და სირიულ-ქურთული სახალხო თავდაცვის შენაერთების (YPG) წინააღმდეგ. ცნობისთვის, ორივე მათგანი ოფიციალური ანკარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
ოპერაციის სამოქმედო არეალს ძირითადად მეტინას, ზაპის, ავასინისა და ბასიანის რაიონები წარმოადგენს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპერაციაში ავიაციასთან ერთად სპეციალური ძალებიც მონაწილეობენ.
ჯერჯერობით გარდაცვლილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მინისტრის განცხადებით, თურქულ მხარეს PKK-ის მიერ მომზადებული ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ ინფორმაცია გააჩნდა. შესაბამისად, სამხედრო ოპერაცია ტერორისტული თავდასხმის პრევენციას წარმოადგენს და საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ქურთულ სამხედრო პოზიციებზე შეტევა თურქულმა არტილერიამაც მიიტანა. შეგახსენებთ, რომ თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში საჰაერო თავდასხმებს ქურთების პოზიციებზე რეგულარულად ახორციელებს.