უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა 12.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს რეზერვები გაყიდა.
„ჩვენ ვყიდით ოქროს რეზერვებს, რათა იმპორტიორებმა ქვეყანაში აუცილებელი პროდუქციის შემოტანა შეძლონ“ – განაცხადა ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კატერინა როჟკოვამ. მისი განმარტებით, ოქროს რეზერვების გაყიდვის მიზანი უკრაინული ვალუტის, გრივნის გამყარება არ იყო.
აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ადამიანური მსხვერპლის გარდა, უკრაინის ეკონომიკაც დიდ ზარალს განიცდის. სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრით ქვეყანას ასეულობით მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალი მიადგა.
ცნობისათვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დამოუკიდებლად თუ სავაჭრო ბლოკის სახელით ომის დამთავრების შემდეგ უკრაინის აღდგენაში დახმარების პირობას დებენ. მეტიც, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის რეგიონები გაინაწილა და მათ რესტავრაციაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს. გარდა ამისა, უკრაინას ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც უწევენ.