რას უნდა ველოდოთ ერდოღანისა და პუტინის სოჭში გასამართი შეხვედრიდან

რას უნდა ველოდოთ ერდოღანისა და პუტინის სოჭში გასამართი შეხვედრიდან

უკრაინაში ომის დასრულება და სირიაში ახალი დაპირისპირების დაწყება დიდი ალბათობით, პარასკევს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის თურქ კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გასამართი მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება.

თურქეთის პრეზიდენტი, შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის აღდგენის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ასრულებს. თუმცა დაძაბულობა მაინც არსებობს, რომელიც უკრაინასთან ერთად უკვე სირიის საკითხსაც შეეხება. პუტინმა გასულ თვეში ერდოღანს განუცხადა, რომ რუსეთი კვლავ ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის შეტევას, რომელსაც თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ შესაძლოა გეგმავდეს.

ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ შეხვედრა „კონკურენტული თანამშრომლობის“ ნაწილს წარმოადგენს, რომელმაც ორ ლიდერს შორის უკანასკნელი 20 წლის ურთიერთობაც განსაზღვრა. „უკრაინაში რუსეთის ომმა, თურქეთის, როგორც წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის იმიჯი აღადგინა და ერდოღანს ისეთი დონის აღიარება მოუტანა, როგორიც ბოლო წლებში არ ქონია“, აღნიშნა ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელმა ასლი აიდისთანბასმა გასული კვირის ანგარიშში.

ნატოს წევრი თურქეთის მცდელობები, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი მაშინ როდესაც უკრაინის გამო დასავლეთი რუსეთს ღიად უპირისპირდება, შედეგიანია. თურქეთის მრავალთვიანი ძალისხმევით, მოსკოვმა და კიევმა გაეროს მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვის შესახებ ხელი მოაწერეს. პირველი გემი სტამბულში ოთხშაბათს შევიდა. დამატებით სამი გემი, სურსათის გლობალური კრიზისის დასრულებისთვის დადებული ხელშეკრულების შედეგად, პარასკევს გამოჩნდება.

თურქეთს ამ წარმატებასთან ერთად სურს, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის დაზავების მოლაპარაკებებიც სტამბულში გამართოს. თუმცა, მოლაპარაკებებისთვის საფრთხეს ერდოღანის მხრიდან სირიაში სამხედრო მოქმედების შესაძლო დაწყება წარმოადგენს, რომელიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსეთის არმია უკვე წლებია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს თურქეთის მიერ დაფინანსებული აჯანყებულების მოგერიებაში ეხმარება. მაგრამ ერდოღანი, ბუფერული ზონის შესაქმნელად, სირიის ჩრდილოეთ ნაწილზე შეტევის მიტანას გეგმავს, რათა ქურთი ტერორისტები მისი საზღვრიდან დააშოროს.

პუტინმა თეირანში რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ დარჩა შეუთანხმებელი საკითხები ერდოღანთან. დიდი ალბათობით, მოლაპარაკების დროს  მხარეები სირიაში შეჭრას განიხილავენ, რომლის შესახებაც თურქეთს რუსეთისა და სირიისგან თანხმობა არ მიუღია.

თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მათი სურვილი სამხრეთ თურქეთში $20-მილიარდიანი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევაა. ელექტროსადგურზე პასუხისმგებელი რუსული Rosatom-ია. ანკარას მიზანი 4,800-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის 2023 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულებაა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთისა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები კიდევ ორ ატომურ ელექტროსადგურზე შეიძლება წარიმართოს.

თურქული მედიის ნაწილი თვლის, რომ რუსეთს სინამდვილეში დრონები სურს. თურქეთი კიევს ბაირაქტარებით ამარაგებს, რომლებიც წარმატებით ანადგურებენ რუსულ შეიარაღებას. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, რუსული დელეგაცია, დრონების შესაძენად ირანს უკვე ესტუმრა, მათ გამოყენებას კი უკრაინაში გეგმავს.

ერდოღანის ინფორმაციით, რუსები მათგან ბაირაქტარის შეძენას გეგმავენ. თუმცა, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ თურქეთმა ეს როგორც მხოლოდ „ხუმრობა“ ისე მიიღო. თუმცა, კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვის განცხადებით, ქვეყნებს შორის სამხედრო და ტექნოლოგიური კოოპერაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

საინტერესოა, რომ შეხვედრის დროს ერთგვარი პოლიტიკური თამაშიც ვიხილეთ. თეირანში შეხვედრაზე ერდოღანი პუტინს ხელის ჩამორთმევამდე 50 წამით ელოდა, რაც თითქოსდა სამაგიერო იყო პუტინის ქმედებისა, რომელმაც ერდოღანი 2020 წლის შეხვედრაზე თითქმის ორი წუთით ალოდინა.